პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შალვა პაპუაშვილმა მიმართა და მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული საკოლექციო მონეტები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "ზოგადი განათლების რეფორმა - ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები".
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ქმნიან.
"ტრადიციაა უკვე, რომ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ და მასწავლებლის ეროვნულ პრემიას გადავცემთ ქვეყანაში ყველაზე გამორჩეულ და დამსახურებულ ადამიანებს. გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს ვუთხრათ მადლობა, გამოვხატოთ თითოეულ თქვენგანისადმი უდიდესი პატივისცემა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თქვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ხვალინდელ დღეს და ყველაზე ძვირფასს, ჩვენს შვილებს მშვიდად გაბარებთ თითოეულ თქვენგანს", - აცხადებს გივი მიქანაძე.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აღნიშნავს, რომ დღეს საკლასო ოთახი არა მხოლოდ განათლების მიმცემი ადგილია, არამედ უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჩამოყალიბებისთვის:
"სახელმწიფო კიდევ ერთხელ უხდის მადლობას, როგორც პედაგოგებს, ასევე ხაზს უსვამს მათ უმნიშვნელოვანესს როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ვიცით, რომ დღეს საკლასო ოთახი არ არის მხოლოდ ზოგადი განათლების მიმცემი, დღეს საკლასო ოთახი არის საზოგადოების და ადამიანის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი", - აცხადებს მარიამ ლაშხი.