21 სექტემბერი 2026,   12:50
ვრცლად
ანომალიური სიცხე ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - 2027 წელს შესაძლოა გლობალური საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დამყარდეს და ისტორიაში ყველაზე ცხელი წლის სტატუსი მიენიჭოს

61 დღე - წელს სწორედ ამდენხანს გაგრძელდა ექსტრემალური სიცხე ესპანეთში. ქვეყნის მასშტაბით, ზაფხულის განმავლობაში სიცხის 4 ტალღა დაფიქსირდა. ეს, 1961 წლის შემდეგ, ყველაზე ცხელი და ხანგრძლივი პერიოდი იყო. მხოლოდ აგვისტოში, სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გართულებები ესპანეთში 2 100 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ზაფხულის დასაწყისში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იყო ინგლისსა და საფრანგეთშიც. ანომალიური სიცხით და გვალვით გამოწვეულმა ხანძრებმა 300 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. უჩვეულოდ დაბალ ნიშნულამდე დაეცა მდინარეებში წყლის დონეც.

ვიდრე ევროპა ჯერ კიდევ წლევანდელი ზაფხულის შედეგებს ითვლის, წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბებული El Niño სულ უფრო ძლიერდება. მეტეოროლოგები პიკს წლის ბოლოს ელოდებიან.

მაინც, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? დრო და დრო წყნარ ოკეანეში ქარები სუსტდება, რის გამოც თბილი წყალი აღმოსავლეთისკენ მიედინება და ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში მნიშვნელოვნად იმატებს. ეს ცვლილება ატმოსფეროზეც აისახება. შედეგად ვიღებთ ბუნებრივ კლიმატურ მოვლენას, რომელსაც El Niño შეარქვეს. თუმცა ის, რაც წყნარ ოკეანეში მიმდინარე ჩვეულებრივი კლიმატური ციკლის ნაწილია, წელს მეცნიერებს განსაკუთრებით აშფოთებთ.

საყურადღებოა ოკეანის ტემპერატურა. ის, მაისიდან ივლისამდე, ნორმაზე 1.5 გრადუსით მაღალი იყო. ივლისში სხვაობამ 2 გრადუსს მიაღწია, აგვისტოში კი 2.2-2.6 გრადუსითაც გაიზარდა. მომავალ წელს 3 გრადუსით მატებასაც არ გამორიცხავენ - თუ ეს პროგნოზი გამართლდა, 1950 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერ El Niño-ს მივიღებთ.

ეს პროცესი მხოლოდ ოკეანის ტემპერატურის მატებით არ სრულდება. მისი გაძლიერება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს იწვევს. ზოგ ქვეყანაში ეს გვალვაა, სხვაგან კი ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, შტორმი და ტაიფუნი.

El Niño-ს შედეგები მხოლოდ ამინდის ცვლილებით არ შემოიფარგლება. ორგანიზაცია "მსოფლიო სასურსათო პროგრამის" შეფასებით, ძლიერი El Niño-ს შემთხვევაში, დამატებით, 49 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება შიმშილის საფრთხის ქვეშ.

ევროპაში El Niño-ს გავლენა ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად გამოვლინდება. შემოდგომა და ზამთარი კონტინენტის უმეტეს ნაწილში, შესაძლოა, ჩვეულებრივზე თბილი იყოს.

ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგებს ევროპის მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე გრძნობს. ლონდონში ხანგრძლივმა სიცხემ თიხოვანი ნიადაგი გამოაშრო და შეკუმშა, სახლების კედლებზე კი ბზარები გაჩნდა. დეფორმირდა კარები და ფანჯრები. უძრავი ქონების სადაზღვეო კომპანიებმა 2025 წელს ასეთი შემთხვევებისთვის რეკორდული, 300 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, 2026 წლის მხოლოდ მეორე კვარტალში კი ანაზღაურებამ 80 მილიონს გადააჭარბა. საფრანგეთში კი გვალვამ საძოვრები გაანადგურა და ძროხებს რძის გამომუშავება შეუმცირა. შედეგად, ტრადიციული ყველის, "სალერსის", მწარმოებლების 80-დან სამმა მეოთხედზე მეტმა ამ ზაფხულს წარმოება შეაჩერა. ფერმერები ამბობენ, რომ თუ ადრე მსგავსი პრობლემას 15 ან 20 წელიწადში ერთხელ აწყდებოდნენ, ახლა ეს ყოველ ორ წელიწადში მეორდება.

ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და პორტუგალიისთვის ხანგრძლივი სიცხე და გვალვა ნიშნავს სასმელი წყლის დეფიციტს, მასშტაბური ხანძრების რისკს და დამატებით ზეწოლას სოფლის მეურნეობაზე.

ანომალიურ მეტეოროლოგიურ პროცესებს დიდი გავლენა აქვს ევროპის ეკონომიკაზეც. 1980 წლიდან, ექსტრემალურმა ამინდებმა ევროკავშირის ქვეყნებს 822 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა.

ამ ფონზე, ესპანეთი ევროკავშირისგან სპეციალური კლიმატური ადაპტაციის ფონდის შექმნას ითხოვს და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, კლიმატის ცვლილებასთან შეგუების მკაფიო და სავალდებულო მიზნები ჰქონდეთ. მეტიც, ესპანეთი კლიმატური რისკების ყოველ ხუთ წელიწადში შეფასებას, მათი გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურისა და ქალაქების დაგეგმვას, წყლის რესურსების დაცვას და ტყეებისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებასაც ითხოვს.

ძლიერი El Niño გლობალურ ტემპერატურას დამატებით ზრდის და მისი გავლენა პიკის შემდეგაც გრძელდება. მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2027 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი შეიძლება დამყარდეს და ისტორიაში ყველაზე ცხელი წლის სტატუსი მიენიჭოს.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები