21 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
ერიკ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2-თან": საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება

Trump-ის ბრენდი პირველად კავკასიაში და მისი პირველი მისამართი რეგიონში! თბილისში Trump Tower-ის ცათამბჯენი შენდება.

2 000 000 000 დოლარის ინვესტიცია, 600 000 კვადრატული მეტრი სამშენებლო არეალი და ახალი ლუქსკლასის უბანი თბილისის ცენტრში. რეკორდული ფართობით, უზარმაზარი ინვესტიციით და დონალდ ტრამპის სახელით - თბილისის Trump Tower-ი იქნება რეგიონის ახალი ყველაზე მაღალი არქიტექტურული მწვერვალიც.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამ ფაქტს უკვე უწოდა ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

"ვერც კი აღგიწერთ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით. საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. თუ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლებს გადახედავთ, ნახავთ, რომ იყო წლები, როდესაც ეკონომიკა 10, 12 და 7 პროცენტით იზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება.

საქართველო შესანიშნავი ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს აზიაში და ბევრი - ევროპაში. საქართველო კი ნამდვილად არის მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც აქამდე პროექტი არ განგვიხორციელებია.

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, სადაც საოცარი ხალხი ცხოვრობს. წლების განმავლობაში, უამრავი ქართველი გავიცანი და შემიძლია გითხრათ, რომ მოხიბლული ვარ მათით.

რაც შეეხება თბილისს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია.

საქართველო იქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო გზაჯვარედინად. ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი გახდა. ცხადია, ბიზნესის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. თქვენთან ბიზნესის განვითარების მასშტაბი შთამბეჭდავია.

საქართველო მსოფლიოს იმ ნაწილშია, სადაც აქამდე პროექტი არ გვქონია და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, თბილისს ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევმატოთ - დედაქალაქში საუკეთესო შენობას ავაშენებთ. ვფიქრობ, რომ ის მთელი ევროპისა და აზიის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

ამ პროექტის განხორციელებით, აღფრთოვანებული ვართ.

ადგილმდებარეობა ძალიან კარგია. Trump Tower Tbilisi-ის სიმაღლე დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე Trump Tower-ია. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში იწყებს საქმიანობას და, რა თქმა უნდა, თავადაც მალე ჩამოვალ", - განაცხადა ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ცნობისთვის, სწორედ ერიკ ტრამპია პასუხისმგებელი კომპანიის გლობალური უძრავ ქონების მართვასა და გაფართოებაზე.

 

დღის ამბები