13 ნოემბერი 2026,   12:00
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომელიც ადასტურებს ფარისევლობას ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ. ცდილობდნენ დაყოლიებას, არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომელიც ადასტურებს იმ ფარისევლობას, რომელსაც ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მხრიდან რუსული თხევადის გაზის შესყიდვის გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირი რეკორდსმენია რუსული თხევადი გაზის შესყიდვაში, საქართველოს კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას ავალდებულებდა.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომელიც ადასტურებს იმ ფარისევლობას, რომელსაც ჩვენ ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავთ როგორ გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და მოგვიწოდებდნენ, რომ ფაქტობრივად დაგვეზარალებინა ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები - განსაკუთრებით მეღვინეობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიეტუვა იყო რუსეთში ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მთელს მსოფლიოში. ახლაც ამას ვხედავთ - ნავთობპროდუქტებთან და ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით ვხედავდით ჩვენ, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ საწვავი შემოეტანათ რუსეთიდან და სხვა ასეთი ენერგომატარებლები.

ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ მთელი ჩვენი ვაჭრობა რაც არის წელიწადში, თვე ნახევარში ისინი უხდიან რუსეთს მარტო თხევად გაზში. მთელი ჩვენი იმპორტი რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით მილიარდ ნახევარია და ერთ მილიარდ მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აი აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც ერთი მხრივ საჯარო მათი განცხადებები და მეორეს მხრივ მათი კონკრეტული ქმედებები არის გამოაშკარავებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები