13 ნოემბერი 2026,   12:02
ვრცლად
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთში, სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სამხედრო თვითმფრინავი ხუთშაბათს საღამოს, პროვინცია მალათიის ადმინისტრაციული ცენტრის სამხრეთ გარეუბანში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"მალათიის პროვინციაში, ჩვენი S-70 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ბორტზე მყოფი ჩვენი ოთხი მამაცი თანამებრძოლი დაიღუპა. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი დაღუპული სამხედროები. თანაგრძნობას ვუცხადებთ და გამძლეობას ვუსურვებთ მათ მგლოვიარე ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს ღირსეულ ერს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევებს ღია ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობის სიახლოვეს ცეცხლი უკიდია. 

ავარიის ადგილზე პოლიცია, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

Sikorsky S-70 მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ფართოდ გამოყენებული სატრანსპორტო ვერტმფრენია. მის მოდიფიკაციებს შორისაა Black Hawk-ი, რომელსაც ეკიპაჟის გარდა, 11-მდე სამხედრო მოსამსახურის გადაყვანა შეუძლია.

დღის ამბები