უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.
დუბლინის მახლობლად მდებარე კეისმენტის სამხედრო ავიაბაზაზე გამართულ მოლაპარაკებებზე, ამერიკულმა მხარემ უკრაინის ლიდერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში სრულუფლებიანი წევრების სტატუსით ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
უკვე ცნობილია, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
კაია კალასის განმარტებით, ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებების თანახმად, ამ მისიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი შეასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა დუბლინში კონსულტაციები "ევროპული ოთხეულის" - დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან გამართა.