13 ნოემბერი 2026,   13:17
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც ის შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას

ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს არის თვითდაზიანების პოლიტიკა, რომელსაც, ისე ჩანს, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსში რომ ჩახედავ, ყველა მიხვდება, რომ საკუთარ თავს აზიანებს საბოლოო ჯამში. ასე რომ, ჩვენ ჩვენს როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის პოლიტიკის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ამის უგულებელყოფით პოლიტიკის წარმოება კი, ევროკავშირის მხრიდან უმწიფრობის მაჩვენებელია.

"რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხს, ამ შემთხვევაში შუა დერეფანი არის გადამწყვეტი. საქართველო არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. როგორც ტერიტორიულად, ისე შავ ზღვასთან დაკავშირების გამო და მათ შორის, როგორც სახმელეთო გადაზიდვებით, ისე საზღვაო გადაზიდვებით და ისე მილსადენების მეშვეობით. სულ ახლახანს გახლდით ჩეხეთში ვიზიტით და ჩეხეთში ნედლი ნავთობის 40% რაც შედის იმპორტი, შედის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.

40% ნედლი ნავთობისა მიეწოდება საქართველოს გავლით ჩეხეთს და მათ შორის, ახლახან დადეს დიდი კონტრაქტი აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც 2028 წლიდან დაიწყება და ესეც გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომ საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც ის შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, კიდევ ერთხელ აჩვენებს უმწიფრობას მათი საგარეო პოლიტიკის.

ამის ახსნას ვცდილობ, რომ იმდენად უმწიფარი, წინდაუხედავია მათი ქცევა, რომ ქვეყანას, რომელიც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, იმ ქვეყნის დაზიანებას ცდილობდე და იმ ქვეყანას თავს ესხმოდე ეკონომიკურად თუ პოლიტიკური განცხადებებით. ეს უბრალოდ უმწიფრობა და წინდაუხედაობა კი არ არის, აი სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრიუსელში, არამედ მიიღება ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებზე და ბიუროკრატებზე იმისთვის, რომ თავისივე თავი დააზიანებინონ.

კიდევ ერთხელ, დღეს ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის თვითდაზიანების პოლიტიკა, რომელსაც ისე ჩანს, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსში რომ ჩახედავ, ყველა მიხვდება, რომ საკუთარ თავს აზიანებს საბოლოო ჯამში. ასე რომ ჩვენ ჩვენს როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები