მრავალტომიან საქმეში რეალური მხოლოდ ადამიანები არიან - მათი ისტორიები და წარსული კი მთლიანად გამოგონილი. ქარხნის მუშას პოლიტიკური აქტივისტის ბიოგრაფია შეუქმნეს, ტაქსის მძღოლს - სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის, დიასახლისი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლად გაასაღეს, მაღაზიის კონსულტანტი - ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ბიზნესმენად... ასე იქმნებოდა ყალბი ისტორიები შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოპოვების მიზნით.
სქემა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საქართველოს პროკურატურამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან შეტყობინება მიიღო. საემიგრაციო ზედამხედველობის სამსახური ქართველ კოლეგებს ატყობინებდა, რომ ასობით საეჭვო ქეისის უკან, სავარაუდოდ, კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას.
ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებელთა ასობით გაყალბებული საქმე გამოაშკარავდა. პირველ ეტაპზე, სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულთა წრე 9-მდე გაფართოვდა.
"კურიერი P.S-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა მრავალტომიანი საქმის მასალები. გამოგონილი ისტორიების უმეტესობა მძიმე მოსასმენია. მაგალითად, ერთ-ერთი ყალბი ამბის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი, თითქოს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ორსულ მეუღლესთან ერთად, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, თუმცა მათ სპეცრაზმი იმდენად სასტიკად გაუსწორდა, რომ ქალს მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგეს.
ეს ტრაგიკული დეტალი შეთხზული ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეტი დამაჯერებლობისთვის, ე.წ. მტკიცებულების სახით, საქმეში დევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაცემული ცნობაც, რომელსაც ხელს პარტიის რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აწერს. დოკუმენტში წერია, რომ ხსენებული პიროვნება, 2019 წლიდან, ოპოზიციური პარტიის წევრია და სწორედ ამის გამო, ოჯახთან ერთად, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" გვითხრეს, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, გაყალბებულია, რადგან ე.წ. პოლიტდევნილი პარტიის რეესტრში საერთოდ არ იძებნება.
ინფორმაცია გადავამოწმეთ თავშესაფრის მაძიებლის ოჯახთანაც. გვითხრეს, რომ მამაკაცი წლების განმავლობაში მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა და პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაინტერესებული. სინამდვილეში, ის არც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და, შესაბამისად, არც სპეცრაზმს უცემია. მამაკაცი, მეუღლესთან ერთად, უკვე ოთხი წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
პოლიტდევნილის სტატუსის მოთხოვნით, ამერიკის საემიგრაციო სამსახურში ასობით განაცხადია შესული. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჩვენებებით დგინდება, რომ ამერიკაში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" გაყალბებული პარტიული ბილეთის ყიდვა 1000-დან 1500 დოლარამდე უჯდებოდათ. ყალბი ისტორიის შეთხზვა კი დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გაყალბების არაერთ საქმეს თან ახლავს ფორმა 100-ც, სადაც გამოგონილი დიაგნოზებია მითითებული. დოკუმენტების მიხედვით, ამერიკაში თავშესაფრის მსურველებს ჯანმრთელობის პრობლემები, თითქოს, საპროტესტო აქციების დროს, სპეცრაზმის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო განუვითარდათ. ყველა ფორმა 100 გაცემულია ქუთაისში მდებარე კლინიკა "ბომონდის" მიერ, რომელზეც ექიმ ვლადიმერ ფირცხალავას ხელმოწერაა დატანილი. ბომონდში "კურიერი P.S-ს" უთხრეს, რომ დაწესებულებაში მსგავსი სახელით და გვარით არავინ მუშაობს. ჩვენ ექიმი ვლადიმერ ფირცხალავა თბილისში, სრულიად სხვა კლინიკაში აღმოვაჩინეთ. ამბობს, რომ ბომონდში არასდროს უმუშავია, ფორმა 100-ში მითითებული პაციენტები კი საერთოდ ჰყოლია.
ვინ თხზავდა ემიგრაციაში წასული მოქალაქეების ყალბ ბიოგრაფიას? ბრალდებულ 9 პირს შორის ყველაზე ხშირად ფიგურირებს მარიამ ტალახაძე, მეტსახელად "უბატონო". ჩვენებებში თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა სწორედ მასთან კომუნიკაციაზე საუბრობს. გამოძიების ინფორმაციით, გამოგონილი ამბების სანაცვლოდ, მარიამ ტალახაძის ანგარიშზე ათი ათასობით დოლარი ირიცხებოდა. ის ქართველმა სამართალდამცველებმა შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნების დროს დააკავეს. ადვოკატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ბრალდებულთა შორისაა გიორგი ხატიაშვილიც, როგორც სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი. "კურიერი P.S" თბილისში, ხატიაშვილის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა, თუმცა ბინა გაქირავებული დაგხვდა. კამერის წინ საუბარი არც ადვოკატმა ისურვა და არც ბრალდებულის ოჯახმა.
"კურიერი P.S-მა" თბილისში გიორგი ხატიაშვილის კვალს ვერ მიაგნო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის ბუენოს აირესში ინტერპოლმა იპოვა. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული ქართველი სამართალდამცველების მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ის არგენტინაში დააკავეს და ახლა საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, რეალური ადამიანების გამოგონილი წარსულის შექმნა ბრალდებულებისთვის მილიონიან ბიზნესად იქცა. ახლა კი სცენარი შეიცვალა: ყალბი პოლიტიკური დევნის ისტორიებს რეალური სისხლის სამართლის საქმე მოჰყვა, გამოგონილ ქეისებს კი - რეალური დაკავებები.