21 სექტემბერი 2026,   01:29
ვრცლად
ახალი ბინები 1600 დევნილ ოჯახს - თვალჭრელიძის ქუჩაზე უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დასრულებულია

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დასრულებულია და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა საკუთარ სახლებში ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ. საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს დღეს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა გადასცეს. პროექტში 280 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი საერთო ჯამში 11 კორპუსსა და 2 500-მდე სრულად გარემონტებულ ბინას აერთიანებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორია გამწვანდა, მოეწყო სპორტული სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და ღია სავარჯიშო სივრცეები. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, დევნილებისთვის საკუთარი სახლის ქონა სტაბილურობისა და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნაზე აკეთებს აქცენტს ჯანდაცვის მინისტრი.

თბილისის პარალელურად, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მასშტაბური პროექტები ამ ეტაპზე, საქართველოს 3 ქალაქში - ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ხორციელდება. ყველა პროექტი ასევე ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის სრულ კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

 

დღის ამბები