შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, თბილისის Trump Tower-ის პოექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
"ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ისედაც ახალი თავი იწერება, არა? ჩემი აზრით, ამ ურთიერთობაში ნამდვილად მოხდა ცვლილება. საქართველო, დიდი ხანია, დასავლური მიმართულებით ვითარდება. იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა თუ ის, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ამერიკა და დასავლური ცხოვრების წესი.
ამავე პერიოდში საქართველო, მრავალი თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობასაც ჩამოშორდა. განვითარდა კაპიტალის ბაზრები და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა, ტურიზმიც.
ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი დასავლური ბრენდი ვართ. ამიტომ, როდესაც ამ ქალაქში შემოვდივართ და აქ ამ გამორჩეულ, საკულტო შენობას ვაშენებთ, ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს შეასრულებს.
ვფიქრობ, ეს დასავლეთში საქართველოს მიმართ ნდობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ბევრ ადამიანს უკეთ დაანახებს, თუ რა ქვეყანაა საქართველო და რა როლი და ადგილი უკავია მას მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.