სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ".
საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა. მომჩივანი ორგანიზაციის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მხოლოდ ეპარქიისთვის გამოყოფა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია, მომჩივნის საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და ერთხმად დაუშვებლად ცნო.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ძამაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოაცხადა:
"დავის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, სამართლებრივი არგუმენტები, რომ ერთი მხრივ, საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი და ისტორიულ-კულტურული დამსახურება, როლი, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და მეორე მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი არის რელიგიური თავისუფლება და თანასწორობა.
მომჩივანი კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის თაობაზე. თუმცა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან ჩაითვალა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია საერთოდ არ იყო შესადარებელი კატეგორია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული 55 ეკლესია-მონასტრის მოვლა პატრონობაზე, რომლებსაც ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და მეორე მხრივ, ანალოგიური სტატუსის მქონე ორ მეჩეთთან მიმართებით მომჩივანმა ორგანიზაციამ ვერ დაადასტურა რაიმე სამართლებრივი კავშირი და განსაკუთრებით ის, რომ მათ ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა ამ მეჩეთების მოვლა-პატრონობაზე, შესაბამისად, საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია ერთი მხრივ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი და მეორე მხრივ, რელიგიის თავისუფლება და თანასწორობა" - აცხადებს ბექა ძამაშვილი.