საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
„წინა მოწვევის პარლამენტში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, არაერთი თემატური მოკვლევა ჩატარდა და რეკომენდაციები გაიცა. ამ საქმიანობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველია შემდგომი სამუშაო პროცესებისთვის. დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას და პროფესიული განათლების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად იმსჯელებენ.
„რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ პროცესში აქტიური ჩართულობა და შესაბამის საკითხებზე მუშაობა იქნება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები და პროფესიული განათლების საკითხით დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.