05 ნოემბერი 2026,   17:21
ვრცლად
პარლამენტის სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა სოფლის განვითარების სააგენტოს 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა ქ. თელავში ჩატარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ კომიტეტების წევრებს 2025 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგები გააცნო. მან ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

2025 წელს სახელმწიფო მხარდაჭერით სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 300 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა მოიცავდა პროგრამებსა და პროექტებს პირველადი წარმოების განვითარების, გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის მიზნობრიობით. პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული  აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ზრდის მიზნით საქართველოს პავილიონი 9 საერთაშორისო გამოფენაზე მოეწყო.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის საქმიანობასთან დაკავშირებით საუბრისას, ლაშა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა ინვესტიცია ერთი პროექტის ფარგლებში განახორციელონ, რაც ხელს უწყობს წარმოების განვითარებასა და  კომერციალიზაციას.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს, ასევე გააცნო ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის მუშაობის სპეციფიკა.

ლაშა დოლიძემ დაგეგმილ პროგრამებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა მექანიზაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების განვითარების მიმართულებებზე.

სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

დღის ამბები