05 ნოემბერი 2026,   17:30
ვრცლად
თამარ კეკენაძე: ევროკავშირი რასაც ითხოვს, ეს არის კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება

ევროკომისიის ანგარიშზე, სადაც საუბარია საქართველოში თვითნებურად დაკავებულებზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.

"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ უნდა იქნენ დაპატიმრებულები.

"ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ მათთვის ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიუღებელია. ევროკავშირი რასაც ითხოვს, ეს არის კრიტიკული, განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება," - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით კი, ევროკავშირის ანგარიშზე არაფერია უცნობი, ყველაფერი სახეზეა.

"[თვითნებურად დაკავებულები] ეს არიან პოლიტიკურ ნიადაგზე დაკავებული ადამიანები, აზრის გამოთქმის გამო დაკავებული ადამიანები, პროტესტში მყოფი დაკავებული, დაჯარიმებული ადამიანები. ასევე, ადმინისტრაციული სასჯელები, მათ შორის ჟურნალისტების. აქ რაღაც უცნობი ფაქტები არ არსებობს, ყველაფერი არის სახეზე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პრემიერი ევროკავშირის ელჩის განცხადებებს ქართველ ხალხზე თავდასხმად აფასებს. საქართველოს ხელისუფლება პაველ ჰერჩინსკის ურჩევს წარმოადგინოს სია, ვის მიიჩნევს ბრიუსელი, "თვითნებურად დაკავებულებად," წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი მოძალადეებს მფარველობენ.

ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე თბილისი პასუხების მოლოდინშია, ვის გათავისუფლებას ითხოვს ევროკომისია საკუთარ ანგარიშში, მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის ძალადობა დღემდე არ დაუგმიათ. პაველ ჰერჩინსკიმ ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა. მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

 

დღის ამბები