05 ნოემბერი 2026,   17:24
ვრცლად
თელავში სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრა თელავში ჩატარდა. შეაჯამეს სოფლის განვითარების სააგენტოს გასული წლის საქმიანობა და აქტივობები, მათ შორის, პირველი ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.

"ვისაუბრეთ განახლებულ პროგრამებზე, რომლებიც შეიცვალა ამ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან. ჩვენ დავნერგეთ ფერმერთა რეესტრი და ამ რეესტრიდან გამომდინარე გვაქვს საშუალება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს თითოეულ ფერმერთან მიმართებაში და უფრო ეფექტურად დავგეგმოთ აღნიშნული პროგრამები. ეს პროგრამები გახდა უფრო ყოვლისმომცველი და ასევე შედეგზე ორიენტირებული", - აცხადებს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული. 

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ ხაზი გაუსვა გასვლითი ღონისძიებების მნიშვნელობას. 

"ვცდილობთ, რომ ჩვენი დიასპორა მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის ის ეკონომიკური პროექტები და პროგრამები რაც გვაქვს ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, სწორედ ამაზე გვექნება, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საინტერესო პროექტები ბიზნესის განვითარებისთვის, მოვარგოთ და დიასპორა მაქსიმალურად ჩავრთოთ. ზოგადად ეს გასვლითი ღონისძიებები ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვეცნობით ამა თუ იმ რეგიონში იქ არსებულ გამოწვევებს, პირიქით წარმატებებს და შესაბამისად ვუზიარებთ ერთმანეთს აი ამ ჩვენს ხედვებს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები