რუსთავში აღმოჩენილი მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის იშვიათი ნიმუშია. ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება. რუსთავის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გიორგი მესამის მონეტა პირველად აღმოაჩინეს. ის კოლექციაში ერთადერთია და საზოგადოება მას რუსთავის ისტორიულ მუზეუმში იხილავს.
თამარ მეფის მამის - გიორგი მესამის პერიოდის შევარდნიანი მონეტა, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მე-4 დარბაზში აღმოაჩინა. სასახლე ორსართულიანი იყო. თითოეულ სართულზე შვიდი ოთახი იყო განთავსებული, სასახლის საერთო ფართობი კი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ზაფხულის განმავლობაში, სასახლის პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ოთახები სრულად შეისწავლა.
არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო. რუსთავის ისტორიულ ციხესა და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური სამუშაოები, ქალაქის მერიის მხარდაჭერით, 2025 წელს დაიწყო. სამუშაოები გრძელდება, პარალელურად კი რუსთავის სასახლის კონსერვაცია-რესტავრაცია იგეგმება.
გარდა გიორგი III-ის მონეტისა, ციხე-ქალაქში არაერთი ნივთი აღმოაჩინეს. მათ შორისაა მეხუთე დარბაზის გათხრებისას გამოვლენილი, კარგად შემონახული ხის იატაკი, ფეტვით სავსე თიხის დერგი და მარცვლეული; მესამე ოთახში - მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, ჯამები, ქოთნები და მონეტები.
ექსპონატები XII–XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე-სიმაგრის კომპლექსისა და არტეფაქტების დათვალიერებას ვიზიტორები 7 სექტემბრიდან შეძლებენ.