18 წელი შინდისის ბრძოლიდან - 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის ბატალიონის მე-2-ე ქვეითი ბრიგადა საავტომობილო კოლონით სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს დღეს ტრადიციულად შინდისში, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და ხელისუფლების წარმომადგენლები იხსენებენ.
დრო ტკივილს არ კურნავს - აცხადებენ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახის წევრები.
ნიკოლოზ ფორჩხიძის ნათესავი დავით ფორჩხიძე: მოუშუშებელი ტკივილია ეს ყველაფერი და მაგალითი იმისა, რომ როგორი საშინელება არის, ყველა ჩვენგანის სურვილი ის არის, რომ ასეთი საშინელება არასდროს განმეორებულიყოს რა. ჩვენი ქვეყანა, ღვთისმშობლის წილი ქვეყანა დალოცოს ღმერთმა და დაიფაროს და დიდება გმირებს თითოეულ მათგანს აქ დაღუპულ, შეწირულ ბიჭებს, ღმერთმა ნათელი და მათ და დანატოვარი გაამრავლოს და გაახაროს ღმერთმა".
რომან ზოიძის დედა მარო ზოიძე: "18 წელი გავიდა, არ არსებობს საქართველოს არცერთი კუთხე, რომ დედის ცრემლი არ იყოს დაღლილი და დღეს კიდევ მოვედით აქ, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, მაინც მოვდივართ, რომ კიდევ გვგონია, რომ აქ არიან და ცოცხლები გვგონია და ასეთი შეგრძნებით მოვდივართ. ყველა, ვინც ომში დაიღუპა, ყველა გმირია, მაგრამ ამათმა რაც გააკეთეს ეს საუკუნეებიც რომ გავიდეს, ასეთი რაღაცა 21 საუკუნეა და აღარ უნდა განმეორდეს. დიალოგი უნდა იყოს. შვილის სიმწარე ძალიან ძნელი და ძალიან მწარე ყოფილა, არავის არ ვუსურვებ".
ლევან ვეფხვაძის დედა ქეთევან ტორონჯაძე: "დაგვირეკა 11 საათზე და გვითხრა მოვდივართო. მარლენი, შმაგი კუპატაძე და ლევანი, ჩემი ლევანი და ჩვენც გაგვიხარდა, რა თქმა უნდა, ველოდებოდით და მერე ორ-სამ საათში დავრეკეთ და უკვე გათიშული იყო ტელეფონები. მეორე დღეს შუადღეზე ადგილობრივი პოლიციის ბიჭები მოვიდნენ, ჩემი ყოფილი მოსწავლეები სხვათა შორის და რომ შემხედეს, რა თქმა უნდა, მივხვდი რაღაც რომ ხდებოდა. წლები არაფერს არ შველის იმიტომ, რომ იგივე ტკივილია, დრო მკურნალიაო იტყვიან, მაგრამ მკურნალი არაა. იგივე სიტუაცია, იგივე განცდა, იგივე ტკივილი, რაც იყო 18 წლის უკან".
მიხეილ დვალიშვილი მამა დავით დვალიშვილი:"18 წელი არის ძალიან მძიმე, ტკივილიანი წლები, დრო ისე მალე გავიდა, ჩვენთვის 18 წელი 18 დღეა და ისევ ის დასაწყისი არის, რასაც სანამ ჩემი სიცოცხლის მანძილზე დამთავრება არ ექნება ამ ტკივილს. პირიქით, მონატრებით უფრო მეტი ტკივილი და სევდა მოდის".