არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ ძალებსა და მათ იდეოლოგიას აკრიტიკებს.
კაკაბაძის შეფასებით, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ლიბერალური დემოკრატიის სახელით ინიღბებიან, რეალურად კი მათი ქმედებები და რიტორიკა ნაციზმის ნიშნებს შეიცავს.
უფლებადამცველის განცხადებით, 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში დასავლეთი ამ ძალას „ლიბერალებს“ უწოდებდა, თუმცა საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოცადა იმ პერიოდის რეალური ვითარება ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი არჩევნების კუთხით.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ კიდევ უფრო მეტად გამოავლინეს უკიდურესი ნაციონალიზმი და დემოკრატიული პრინციპების უარყოფა.
“ლიბერალიზმის ფურჩში გახვეული ნაციზმი
საქართველოში ხშირად ადარებენ ერთმანეთს 9 და 14 წლიან მმართველობებს.
იმ 9-წლიანი მმართველობის იდეოლოგებს, შემოქმედებს და მხარდამჭერებს დღეს არა მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ლიბერალური დემოკრატიული პოზიციონერობის პრეტენზია აქვთ.
ისინი სისტემატურად ცდილობენ, ამ ფლანგიდან მიიტანონ იერიში ხელისუფლებაზე, რომელსაც ხან დიქტატორულს, ხან ავტორიტარულს და ხან ოლიგარქიულს უწოდებენ.
სიმართლის გაგების მსურველი თუ კარგად დააკვირდება, დაინახავს რა პოლიტიკური გზა გაიარეს ლიბერალიზმისა და დემოკრატიისათვის მებრძოლების ქურქში გახვეულმა ამ ადამიანებმა და როგორ მივიდნენ რეალურ ნაცისტობამდე.
მოგვიწევს იმის გახსენებაც, რომ ლიბერალიზმი ყველაფრის სათავეში ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს აყენებს.
ლიბერალიზმი არის ინდივიდუალური თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები (სიტყვის, გამოხატვის, შეკრებების, რელიგიის თავისუფლება), სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი ბაზარი და ა. შ., ხოლო ნაციზმი არის რასობრივი იდეოლოგია, ანტისემიტიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმი და დემოკრატიის უარყოფა.
დღევანდელ ოპოზიციას (და მათ მხარდამჭერებს), ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში (2003-2012), მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა.
მათ ვინც 9 წლიან, სისხლიან რეჟიმი გამოვიარეთ, კარგად ვიცით, თუ როგორი დონის ინდივიდუალური თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სიტყვის, გამოხატვის, შეკრებების, რელიგიის თავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი ბაზარი, კერძო საკუთრების დაცვა იყო ქვეყანაში დღევანდელი ოპოზიციის მმართველობის (2003-2012) დროს.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია.
მართალია, ისინი სახელისუფლებო ძალაუფლების არ ქონის გამო, „ვერ ქაჩავენ“ ნაციზმისათვის დამახასიათებელ რასიზმამდე და ანტისემიტიზმამდე, მაგრამ ნაციზმისთვის დამახასიათებელ უკიდურეს ნაციონალიზმს, ასევე დემოკრატიის უარყოფას ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ავლენენ.
ეს ეხებათ არა მხოლოდ „საყოველთაო პროტესტის“ ყოველდღიურ მონაწილე რამდენიმე ასეულ აგრესიულ „პატრიოტ“ აკაცუკს, რომლებიც მზად არიან არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით გაანადგურონ როგორც ყველა რუსი ეროვნების ადამიანი, ასევე სხვაგვარად მოაზროვნე, მათ მიერ „ერის მტრებად“ შერაცხული ქართველებიც.
ეს უპირველესად ეხებათ მათ პოლიტიკურ ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული და სხვა ყოფილი თუ ახლანდელი ნაცებით დამთავრებული, რომლებიც იდეოლოგიურად ამაგრებენ რიგითი „პატრიოტების“ განწყობებს.
მაგალითად, ნაცების ხელისუფლებაში ყოფნისას და შემდეგაც ერთი მათი მთავარი იდეოლოგი და წონიანი პოლიტიკოსი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა დემოკრატის იმიჯი, თუმცა, ამას წინათ, ერთ-ერთი დებატის დროს, მისი პარტიის ("ფედერალისტები") მთავარ იდეოლოგად ქცეულმა მისმა მეუღლემ ნაციზმის ისეთი მასტერკლასი ჩაატარა, რომ ბევრ ნაცისტს მართლა შეშურდებოდა.
თითქმის 2 საათის განმავლობაში აფრიალებდა აფხაზეთის ომის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ქართველების გენოციდის (ბავშვებისა და ქალების მკვლელობების, გაუპატიურობების, ცოცხლად გატყავების და დამარხვის) ამსახველ დოკუმენტებს და პრაქტიკულად აიგივებდა ამ საშინელებების ჩამდენებს მთელ რუს ერთან.
რუსები ქართველების ისტორიული მტერიაო, მტერი კი მხოლოდ უნდა მოკლაო.
ამავე ლოგიკით წარმოიდგინეთ იაპონელი, რომელიც ყველა ამერიკელს აცხადებს თავისი ერის მტრად, რადგან სწორედ ამერიკელებმა მოკლეს ატომური ბომბით ასიათასობით იაპონელი.
იგივე ლოგიკით შეიძლება ასევე წარმოვიდგინოთ "პატრიოტი" ებრაელი, რომელიც გერმანელებს დამნაშავე ერად გამოაცხადებს, ან „პატრიოტი“ სომეხი, რომელიც ყველა თურქს მტრად და დამნაშავედ აცხადებს.
ბოროტმოქმედი ადამიანების გაერთიანება რაღაც ჯგუფებში და მათი დანაშაულების პროეცირება მთელ ერზე არის ნაციზმი.
სწორედ ნაციზმია, როდესაც რამდენიმე ათეული თუ ასეული კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ მიმართ ზიზღს ავრცელებ მთელ ერზე, მოუწოდებ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის ბავშვიც კი უნდა ეზიზღებოდეთ, მათ ხელი არ უნდა ჩამოართვან და ეს პირადადაც აუცილებლად უნდა აგრძნობინონ.
აი, ასეთი ლიდერების მოძღვრების გამო ხდება სწორედ ნებისმიერი ეროვნებით რუსის დაბულინგება, დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთისაკენ მოწოდებას თვლიან ესენი დღეს პატრიოტობად და „ნამდვილ ქართულ ვაჟკაცობად“.
ზემოხსენებული ლიდერი ქალბატონი აღნიშნულ დებატებში ისტერიულად კითხულობდა - 1992-93 წლებში ქართველების გენოციდში ხომ მონაწილეობდნენ რუსები და რამდენი ქალი და ბავშვი უნდა გააუპატიუროს კიდევ რუსეთმა, რომ მტრად მიიჩნიოთო?
და კიდევ ერთი უცნაურობა: როდესაც ასეთი ლიდერები ერთმანეთს ადარებენ რუსეთთან 1992-93 და 2008 წლებში წარმოებულ ომებს, სიამაყით ამბობენ, რომ პირველი ომი 13 თვე, ხოლო მეორე ომი მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა, რომ 2008 წლის ომში არ მოხდარა რუსი ჯარისკაცების მხრიდან ქართველი ქალების გაუპატიურებები და ომშიც მხოლოდ 400 კაცი დაიღუპა და ეს სააკაშვილის ხელისუფლები დამსახურებად მიაჩნიათ, 1992-93 წლებში კი 10 000 დაიღუპაო.
ამ ტიპის "პოლიტიკოსების" გაგებით, 5 დღეში კაპიტულაციის გამოცხადება უფრო საამაყო ყოფილა, ვიდრე 13-თვიან უთანასწორო ბრძოლაში თავგანწირვის გამოვლენა.(თუმცა უკრაინის ომის შემთხვევაში მიდგომა საპირისპიროდ შეცვალეს).
მთავარი ის არის, თუ საით მივყავართ ნაციზმის გაბატონებას ბევრი გაბრიყვებული ქართველის თავში.
ადგილობრივ ნაცისტებს დღესაც დანაშაულად მიაჩნიათ აქაური მშვიდობა და ამტკიცებენ, რომ „კოლაბორაციონისტი“ ქართული ხელისუფლება რომ არა, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსილი და ქართველებს რუსების ხოცვის შესაძლებლობა მიეცემოდათო.
ასეთი პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგი კი სულაც არ არის მნიშვნელოვანი არც მათთვის და არც მათი დასავლელი ლობისტებისთვის.
დასავლეთისკენ მომზირალ ქართველ ნაცისტებს სულაც არ ანაღვლებთ, რომ 2008 წლის ომში დასავლეთმა საომარი მოქმედებების დამწყებად საქართველო გამოიყვანა ტალიავინის დასკვნის მიხედვით.
2008 წლის ომიდან 2 წელზე ნაკლებ დროში, როდესაც პუტინმა 2010 წლის 9 მაისს აღლუმი ჩაატარა წითელ მოედანზე ფაშისტების დამარცხების 65 წლის აღსანიშნავად ამ აღლუმზე პუტინის წინ ჩაიარეს და მას უპატაკეს უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების ჯარების ნაწილებმა.
ამაზე მაშინ ხმაც არ ამოუღიათ ჩვენს „პატრიოტებს“, რადგან იმ დროს პუტინთან დასავლეთის პოლიტიკა თანამშრომლობას და დათმობას ითვალისწინებდა.
დღესაც ასეა, დასავლეთი საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ქართველ ნაცისტებს ისევ დემოკრატებს ეძახის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა სალანძღავი ეპიტეთით ამკობს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ხელისუფლებამ დასავლეთის მოთხოვნაზე, ქცეულიყო მარიონეტად და უპირობოდ აღესრულებინა ყველა მათი ბრძანება, უარი განაცხადა." - წერს კაკაბაძე.