02 აგვისტო 2026,   16:00
ვრცლად
ანიმაციური გმირების რეალური პროტოტიპები

ანიმაცია ხშირად ასოცირდება ზღაპართან, ფანტაზიასთან და ილუზიასთან, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი ბავშვობის ყველაზე საყვარელი და ემოციური პერსონაჟების მიღმა, ძალიან ხშირად, რეალური ადამიანები, ზოგჯერ უკიდურესად ტრაგიკული ისტორიებით იმალებიან.

ანიმატორები და მწერლები შთაგონებას არა მხოლოდ ფანტაზიიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან, ადამიანური ტკივილისგან, ნიჭისა და უნიკალურობისგან იღებდნენ. ეს არის ვრცელი მოგზაურობა ეკრანს მიღმა, რომელიც სრულიად სხვა თვალით დაგანახებთ იმ გმირებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფერადი და ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გეგონათ.

"შრეკი" - მსოფლიო ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და მალევე მილიონობით მაყურებლის გულის მოგება შეძლო. მულტფილმში იუმორისტულადაა აღწერილი შრეკის, პრინცესა ფიონასა და მათი მეგობრების თავგადასავლები. 

მოჭიდავე, მეზღვაური, მოჭადრაკე, პოეტი, მსახიობი, ფენომენალური ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე მაურიციე ტილეტი, იგივე მორის ტილე, ადამიანი, რომელიც Dreamworks-ის შემოქმედებითი ჯგუფისთვის ინსპირაცია გახდა. სწორედ მორისის გარეგნობა იყო შთაგონების წყარო უილიამ სტეიგისათვის, როცა შექმნა მისი პროტოტიპი პოპულარული მულტფილმისთვის "შრეკი". მწვანე, გულჩათხრობილი, თუმცა უზომოდ კეთილი გოლიათი შრეკი, სტუდია DreamWorks-ის ყველაზე წარმატებული პერსონაჟია.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდიას ეს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, ანიმატორები არ მალავდნენ, რომ მუშაობის პროცესში მათ კედლებზე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭიდავის, მორის ტილეს ფოტოები ეკიდა.

მორისი 1903 წელს დაიბადა. ქერა თმისა და შესანიშნავი გარეგნობის გამო ბავშვობის მეგობრებმა მას "ანგელოზი" შეარქვეს, მშობლები კი ამაყობდნენ, რომ მათმა ვაჟმა 14 ენა იცოდა. ნიჭიერი ჭაბუკი იურისტობაზე ოცნებობდა და სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო. სამწუხაროდ, 17 წლის ასაკში დაავადების პირველი ნიშნები გამოუვლინდა.

მოულოდნელად სახე და ხელები გაეზარდა, დეფორმირებაც დაეწყო. ექიმებმა მას ჰორმონალური დაავადება - კრომეგალია დაუდგინეს, რომელიც სახისა და კიდურების თანდათანობით გადიდებას იწვევს.

"ოჰ" -ეს ქუჩაში გამვლელების პირველი რეაქცია იყო და ცნობილია, რომ ერთი გოგონა იმდენად ცუდად გახდა მისი დანახვისას, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ძალიან მძიმე და მტანჯველი აღმოჩნდა მისთვის დაავადება, რომელმაც გარეგნულად სრულიად სხვა ადამიანად აქცია, ის მუდმივად ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა. ამის მიუხედავად, სწავლასა და მუშაობის გაგრძელებაზე უარი არ თქვა. სამწუხაროდ, იურისტობაზე ოცნება მაშინ დასრულდა, როცა დაავადება მბგერავ იოგებს შეეხო, რამაც მას მეტყველება მკვეთრად გაუძნელა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ტილემ საზღვაო ფლოტში ინჟინრად დაიწყო მუშაობა.1937 წელს კი მორისი ნაცნობმა მოჭიდავემ დაარწმუნა, რომ ჭიდაობა მას ახალი ცხოვრების შანსს მისცემდა და ამიტომ ფლოტიდან წავიდა, ორი წლის განმავლობაში ჭიდაობდა საფრანგეთსა და ინგლისში, ორ წელიწადში მან მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და ტიტული წლების განმავლობაში შეინარჩუნა.

"შიშის მომგვრელი კაციჭამია რინგზე" - ასეთი სახელი შეარქვეს, თუმცა გულკეთილობის, თავისი დაავადების მიმართ გაუტეხელობისა და მუდამ ღირსეული საქციელის გამო ხალხმა მას ბავშვობის სახელი დაუბრუნა - ის ყველასთვის ისევ "ანგელოზად" იქცა. მორისი იმდენად წარმატებული გახდა, რომ რინგზე გაჩნდა ათობით სხვა"ანგელოზი" მოჭიდავეც.

მორისის ბიუსტებს არაერთი ქვეყნის მუზეუმში შეხვდებით. 1954 წლის 4 სექტემბერს მან საუკეთესო მეგობარი დაკარგა და იმავე დღეს თავადაც გულის შეტევით დაიღუპა. მათ საერთო საფლავი აქვთ, რომელზეც დაიდგა ძეგლი წარწერით  - "სიკვდილს არ შეუძლია მეგობრის გაყოფა".

მიუხედავად უამრავი სირთულისა და პირადი ტრაგედიისა, ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნაკლი უპირატესობად აქცია და ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

რამდენიმე წლის წინ ლონდონის გალერეა "ტეიტის" არქივში იპოვეს დოკუმენტი, სადაც მოხსენიებულია ადამიანი, რომელიც შესაძლოა ვიქტორ ჰიუგოს რომანის, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის", მთავარი გმირის - კუზიანი კვაზიმოდოს პროტოტიპი აღმოჩნდეს. ინფორმაცია Daily Telegraph-მა გაავრცელა.

ლონდონის მუზეუმის არქივის თანამშრომელმა თქვა, რომ საცავში ქაღალდების გადარჩევისას წააწყდა ბრიტანელი მოქანდაკის ჰენრი სიბსონის შვიდტომიან ხელნაწერს. ეს ადამიანი 1820-იან წლებში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციაზე მუშაობდა. მოქანდაკე სახელად ტრაიანი დღიურებში წერს ქვის მჭრელზე, რომელიც პარიზში მუშაობისას გაიცნო.

სიბსონის აღწერის მიხედვით, ტრაიანი იყო ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი, ხოლო მისი უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ ვინმე კუზიანი და კაცთმოძულე, რომელსაც თავის ქვეშევრდომებთან ურთიერთობა არ უყვარდა. ისიც ქვის მჭრელად მუშაობდა, მისი ნამდვილი სახელი უცნობია. როგორც ირკვევა, მას თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა და ამის გამო გულჩათხრობილი იყო. გვიანი პერიოდის ჩანაწერებში ის კვლავაც მოგვითხრობს მასზე, უკვე მესიე კუზიანად მოიხსენიებს და წერს, რომ მას სწორედ ასეთი მეტსახელი ჰქონდა.

ქაღალდების შესწავლისას ერთმანეთს შეუდარეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისა და რომანის შექმნის თარიღები და "დაიჭირეს" კავშირი ჰიუგოს წიგნის პერსონაჟსა და სიბსონის მიერ დასახელებულ ქვისმთლელს შორის. "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე" მუშაობისას ჰიუგო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თითოეული დეტალისადმი, ამიტომაც, მას შესაძლებელია სცოდნოდა, როგორც ტრაიანი, ასევე მისი კუზიანი ხელმძღვანელი. ფრანგი პროფესორები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ კვაზიმოდოს პროტოტიპი არსებობს და რომ ეს არაჩვეულებრივი, სენსაციური მიგნებაა.

1867 წელს ინდოეთში, ბულანდშაჰრის რეგიონში, მონადირეებმა ჯუნგლების გამოქვაბულში უცნაური არსება შენიშნეს. ის მგლების ხროვასთან ერთად გადაადგილდებოდა და ოთხ ფეხზე დარბოდა. მონადირეებმა გამოქვაბულიდან მგლები კვამლით გამოაძევეს, მოკლეს, ხოლო დაახლოებით 6 წლის ბიჭი თან წაიყვანეს, რომელიც ბავშვთა სახლში მიიყვანეს. მას დინა სანიჩარი დაარქვეს.

წიგნისგან განსხვავებით, სადაც მაუგლი ჯუნგლების გმირი და ორ სამყაროს შორის ხიდია, დინას რეალური ცხოვრება ტრაგედიად იქცა. ის ვერ იტანდა ტანსაცმელს, გლეჯდა მას და საკვებს მხოლოდ მიწიდან, თეფშის გარეშე ჭამდა. უარს ამბობდა მოხარშულ საკვებზე. წლების განმავლობაში მხოლოდ უმ ხორცსა და ძვლებს ითხოვდა, რომლებსაც კბილების სალესად იყენებდა. მან ვერასდროს ისწავლა ადამიანური ლაპარაკი. მხოლოდ მგელივით ღრენდა, ყმუოდა და ადამიანებთან სიახლოვეს გაურბოდა. ერთადერთი "ადამიანური" რამ, რაც მან აითვისა, თამბაქოს მოწევა იყო, რაც მოგვიანებით მისი ჯანმრთელობისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

დინამ ბავშვთა სახლში 20-ზე მეტი წელი გაატარა, თუმცა საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერ შეძლო. ის მუდმივ სტრესსა და ორ სამყაროს შორის გაუცხოებაში ცხოვრობდა. რეალური მაუგლი 1895 წელს, 34 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მისი ისტორია გახდა 1894-1895 წლებში კიპლინგის შთაგონების წყარო "ჯუნგლების წიგნის" შექმნისას. 1967 წელს კი Disney-მ ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმი გამოუშვა. 

დღის ამბები