ავტორი, რომელიც დიდ დრამას ხშირად, რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ მომენტებში პოულობს.
ჰიროკაძუ კორეედა ვენეციაში ბრუნდება. მისი ახალი ნამუშევარი Look Back ერთ-ერთია იმ 20 ფილმიდან, რომელიც წელს ოქროს ლომისთვის იბრძვის. ფილმი შემოქმედებაზე, მეგობრობასა და იმ განვლილი გზის შედეგზე გვიყვება, რომელსაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში ტოვებენ.
შემოდგომის კინოსეზონს ტრადიციულად ვენეცია ხსნის.
მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უძველესი სცენა ახალ ისტორიებს ელოდება. სექტემბერში, კუნძული ლიდო ვარსკვლავების თავშეყრის ადგილი 83-ედ გახდება. ფესტივალის საკონკურსო სექციაში ტიტულოვანი რეჟისორების ხმაურიანი ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათ შორის არიან მარტინ მაკდონაჰი, დენი ბოილი, ჩან დონ ლი, ვერნერ ჰერცოგი და ფლორიან ზელერი. წლევანდელი პროგრამა აღიარებულ რეჟისორებთან ერთად ახალ, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ სახელებსაც დაუთმობს ყურადღებას.
2026 წლის ფესტივალის ერთ-ერთი გახმაურებული ფილმი მარტინ მაკდონაჰის Wild Horse Nine-ია - შავი იუმორისა და პოლიტიკური დრამების ოსტატი ამჯერად, მაყურებელს 1973 წლის ჩილეში ამოგზაურებს. ჯონ მალკოვიჩისა და სემ როკველის მონაწილეობით შექმნილი ნამუშევარი კრიტიკოსების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ალბერტო ბარბერამ აღნიშნა, რომ პროგრამა მრავალფეროვანია და ფესტივალი საკუთარ გზას ტრადიციულად აგრძელებს.
საუკეთესო ნამუშევარს წელს საერთაშორისო ჟიური შეარჩევს, რომელსაც სათავეში ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მეგი ჯილენჰოლი უდგას. ჟიურის შემადგენლობაში სხვადასხვა ქვეყნისა და გამოცდილების 7 კინემატოგრაფისტია. სწორედ ეს შემადგენლობა გადაწყვეტს, ვის ერგება მთავარი ჯილდო.
ტრადიციულად, ფესტივალი საპატიო "ოქროს ლომს" კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გასცემს. წელს მთავარი ჯილდოს მფლობელები ლეგენდარული ჯორჯ კლუნი და ოსკაროსანი ელენ ბიურსტინი არიან.
წინ ათდღიანი კინომარათონია, რომელიც ტრადიციულად მსოფლიო კინოინდუსტრიის მომავალი წლის მთავარ ტენდენციებს განსაზღვრავს. ფესტივალი სტარტს 2 სექტემბერს აიღებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.