31 ივლისი 2026,   20:44
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

„ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მხარეს მიეწოდება ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რათა ქვეყნის პოზიცია და ფაქტობრივი გარემოებები დოკუმენტურად იყოს წარმოდგენილი.

„ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან. საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის მხარეს იმისათვის, რომ ის, რასაც ვსაუბრობთ, დოკუმენტურად იყოს ნაჩვენები, თუკი ეს საჭიროება არსებობს ევროკავშირის მხარის მიერ,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გარკვეული კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში კომპანია ექვსი თვით ადრე იქნა შეყვანილი, თუმცა საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

„გარკვეულად უცნაურიც არის, 6 თვის წინსწრებით სანქციების სიაში კომპანიის შეყვანა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საკმაოდ მძიმე დისკუსიების შემდეგ ევროკავშირში. ხანგრძლივი იყო ამ პაკეტზე შეთანხმების პროცესი. არაერთი ქვეყნის ინტერესი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არ ყოფილიყო კომპანიების ჩამონათვალი ისეთი, როგორიც პირველად შეთავაზებაში იყო და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა ამ პაკეტმა. რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები