01 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
ესპანეთის საზღვარი 50 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა - უკონტროლო ვითარების გამო, ადგილობრივმა მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა

ჰუმანიტარული კრიზისი და უკონტროლო ვითარება. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთის საზღვარი 50 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა. ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. ესპანეთსა და მაროკოს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემა, სრულად ჩამოიშალა.

მიგრანტები ესპანეთის ტერიტორიაზე სახმელეთო და საზღვაო გზით შეიჭრნენ, სასაზღვრო ზოლის დამცავ კონსტრუქციებზე ავიდნენ და ბარიერის გადალახვას შეეცადნენ. მიგრანტების ნაწილი კი სეუტის პლაჟზე ცურვით გადავიდა. თავდაპირველად, პოლიცია და გვარდია მიგრანტების შეჩერებას ცდილობდნენ თუმცა, წყალში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, რის გამოც შეკავების ოპერაცია მალევე სამაშველო ღონისძიებად იქცა.

მარშრუტი, რომელიც მაროკოდან იწყება და ზღვით და ხმელეთით ესპანეთის ტერიტორიამდე მიდის, უკიდურესად სახიფათო აღმოჩნდა. არის მსხვერპლიც.

სეუტას ქუჩებში შექმნილ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლება ღიად უწოდებს "სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს". ათასობით მიგრანტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და ღია ცის ქვეშ, პარკებში და ტროტუარებზე ათევენ ღამეს.

ვითარების გამწვავების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია ძალადობრივი შემთხვევების შესახებ. გარკვეულ ჯგუფებს ავტომობილების დაწვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაში ადანაშაულებენ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შეჭრას.

ცენტრალურ ხელისუფლებას ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა ადგილობრივმა მთავრობამ. თუმცა, მადრიდმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და რეგიონში მხოლოდ სამხედროები გაგზავნა.

რეგიონში ჩავიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედროს სანჩესი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კრიზისის მოგვარების პირობა დადო.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ვაშინგტონი ოფიციალურ მადრიდს აკრიტიკებს და უკანონო მიგრაციის წახალისებაში ადანაშაულებს, ქვეყნის მოსახლეობას კი სოლიდარობას უცხადებს.

სეუტაში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკა მოჰყვა ევროპაშიც.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, განაცხადა, რომ იტალია ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ- შენგენის - შეთანხმების შეჩერებას განიხილავს.

ჯორჯა მელონის პოზიციას მხარი დაუჭირა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმაც, რომელმაც სეუტაში მიგრანტების ნაკადის ზრდა ესპანეთის მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს მიდგომა ადამიანებით ვაჭრობას უწყობს ხელს.

რომის პოზიციას მადრიდმა პროტესტით უპასუხა - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა იტალიის ელჩი განმარტებისთვის დაიბარა.

სეუტა ესპანეთის კუთვნილი ტერიტორიაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოს სანაპიროსთან მდებარეობს. აქ დაახლოებით 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი მიგრაციული კრიზისის წინაშე 2021 წელს დადგა, რა დროსაც ექსკლავში დაახლოებით 10 ათასი მიგრანტი შევიდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები