31 ივლისი 2026,   23:19
ვრცლად
აფრიკიდან ევროპისკენ: რატომ გარბიან ადამიანები და რას გვიყვება სეუტას საზღვარი?

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქი სეუტა დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ პატარა ანკლავის საზღვრები ბოლო 24 საათში, თითქმის 60 ათასმა აფრიკელმა მიგრანტმა გაარღვია და ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გზად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ფაქტმა, ევროკავშირის ქვეყნები შეაშფოთა, მათი ნაწილი კრიზისის დასრულებამდე ესპანეთთან შენგენის რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რათა ათი ათასობით არალეგალი ევროპის სხვა ქვეყნებში არ აღმოჩნდეს.

სეუტას სამართლებრივი სტატუსი

ქალაქი სეუტა ესპანეთის დაქვემდებარებაშია. ის ჯერ კიდევ 1415 წელს პორტუგალიამ აიღო. და როდესაც 1580 წელს ესპანეთი და პორტუგალია ერთი გვირგვინის ქვეშ გაერთიანდნენ, სეუტა საბოლოოდ ესპანეთის კონტროლის ქვეშ მოექცა და მომავალშიც მის დაქვემდებარებაში დარჩა.

 

1995 წლიდან სეუტამ ოფიციალური ავტონომიური ქალაქის სტატუსი მიიღო, ესპანეთის შემადგენლობაში. ანკლავი გეოგრაფიულად მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე და სრულად ესაზღვრება მაროკოს, რომელიც დღემდე არ აღიარებს ამ ტერიტორიაზე ესპანეთის სუვერენიტეტს და მას "ოკუპირებულ მიწას" უწოდებს. ქალაქის ფართობი 18.5 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობის რაოდენობა კი 84–85 ათასი ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ სეუტა ესპანეთის ნაწილია, მასსა და ესპანეთის მატერიკს შორის მოქმედებს დამატებითი სასაზღვრო და საიდენტიფიკაციო კონტროლი. ამიტომ, ადამიანი, რომელიც სეუტაში აღმოჩნდება, ავტომატურად ვერ დაჯდება ბორანზე და ვერ გაემგზავრება მალაგაში ან ალხესირასში. მისი სამართლებრივი სტატუსი ჯერ უნდა განისაზღვროს. და თუ სახელმწიფო გამოაცხადებდა: "ვინც სეუტაში შევა, თავისუფლად გადავა ევროპაში“, ეს შექმნიდა ძლიერ მოტივაციას მილიონობით პოტენციური მიგრანტისთვის. ევროკავშირის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს არარეგულარული მიგრაცია და გადატვირთოს თავშესაფრის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სისტემები.

ამის მიუხედავად, სწორედ აქ, სეუტაში წლების განმავლობაში, მთელი აფრიკიდან ათიათასობით მიგრანტი ცდილობს მრავალ მეტრიანი ღობეების გადალახვას, რათა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვდეს. ამ სცენებმა მსოფლიო არაერთხელ შეძრა: ადამიანები ეკლიან მავთულხლართებზე ეკიდებიან, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას, ზოგჯერ კი უკან აბრუნებენ. მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, როგორ აღწევენ ისინი ევროპამდე. მთავარი კითხვაა - რატომ მიდიან საერთოდ?

მასობრივი გაქცევა

აფრიკა ერთგვაროვანი კონტინენტი არ არის. მასში 50-ზე მეტი სახელმწიფოა, განსხვავებული კულტურებით, ეკონომიკებითა და პოლიტიკური სისტემებით. თუმცა ბევრ ქვეყანაში საერთო პრობლემებია. შეიარაღებული კონფლიქტები, ტერორისტული დაჯგუფებების ძალადობა, სამხედრო გადატრიალებები, კორუფცია და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე ადამიანებს ყოველდღიურ არსებობას ურთულებს. სუდანში მიმდინარე ომი, საჰელის რეგიონში უსაფრთხოების კრიზისი, სომალის მრავალწლიანი არასტაბილურობა და სხვა კონფლიქტები მილიონობით ადამიანს საკუთარ სახლს ატოვებინებს. გარდა ამისა, აფრიკის მოსახლეობა ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. ყოველწლიურად მილიონობით ახალგაზრდა შედის შრომის ბაზარზე, მაგრამ სამუშაო ადგილები საკმარისი არ არის. ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდების უმუშევრობა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. როდესაც ადამიანს არც განათლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს და არც სტაბილური შემოსავლის მიღების შანსი, გაქცევა ბუნებრივ ალტერნატივად ეჩვენება.

ამას ემატება კლიმატის ცვლილება. საჰელის ზონაში გაუდაბნოება, გვალვები, წყლის დეფიციტი და მოსავლიანობის შემცირება ფერმერებს ტრადიციული ცხოვრების წესის გაგრძელების შესაძლებლობას ართმევს. იქ, სადაც მიწა ვეღარ იძლევა მოსავალს, ადამიანებიც იძულებულნი ხდებიან, ახალი ადგილი ეძებონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციის გავრცელება. სოციალური ქსელები და მობილური ინტერნეტი აფრიკის ყველაზე ღარიბ სოფლებამდეც აღწევს. ახალგაზრდები ყოველდღიურად ხედავენ ევროპულ ცხოვრებას, მაღალ ხელფასებსა და სოციალურ დაცვას. ხშირად ეს სურათი რეალობას სრულად არ ემთხვევა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი გადაწყვიტოს წასვლა.

სეუტა დღეს მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი აღარ არის. ის ევროპული მიგრაციული კრიზისის სიმბოლოდ იქცა. ყოველი მასობრივი შეღწევის მცდელობის შემდეგ ევროპაში კვლავ იწყება დისკუსია: როგორ უნდა დაიცვას ევროკავშირმა საკუთარი საზღვრები ისე, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიც არ შეილახოს?

ევროპის დილემა

ევროპა რთული არჩევანის წინაშე დგას. ერთი მხრივ, სახელმწიფოები ცდილობენ გააძლიერონ სასაზღვრო კონტროლი, გააფართოონ თანამშრომლობა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან და შეამცირონ არალეგალური მიგრაცია. მეორე მხრივ, ევროპას სჭირდება სამუშაო ძალა. მოსახლეობის დაბერება, შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი და დემოგრაფიული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ მომავალში მიგრანტების გარეშე მრავალი სექტორის ფუნქციონირება კიდევ უფრო გართულდება.

ამასთან ერთად, იზრდება პოლიტიკური პოლარიზაციაც. მიგრაციის საკითხი ბევრ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიების მთავარ თემად იქცა. მემარჯვენე და ანტიმიგრაციული ძალები უფრო მკაცრ კონტროლს ითხოვენ, ხოლო უფლებადამცველები ხელისუფლებებს ახსენებენ, რომ საზღვრის მეორე მხარეს სტატისტიკა კი არა, ადამიანები დგანან.

სეუტას სასაზღვრო ჯებირი რეალურად ვერ აჩერებს პრობლემას. ის მხოლოდ აჩვენებს იმ უზარმაზარ უთანასწორობას, რომელიც ევროპასა და აფრიკას შორის არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ მილიონობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოებას, განათლებას, სამუშაოსა და ღირსეულ ცხოვრებას ვერ იპოვის, მიგრაციული ნაკადები არ შეწყდება.

ამიტომ აფრიკული მიგრაციის ისტორია მხოლოდ საზღვრების ისტორია არ არის. ეს არის ისტორია იმ ადამიანების, რომლებიც უკეთესი მომავლის ძიებაში ყველაფერს ტოვებენ. ეს არის ისტორია ევროპის, რომელსაც ერთდროულად უწევს საკუთარი უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესებისა და ჰუმანიტარული პასუხისმგებლობის დაბალანსება. და ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ იქცა სეუტა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საზღვრად - ადგილად, სადაც იმედი ხშირად ეკლიან მავთულხლართებს ეჯახება.

 

დღის ამბები