30 ივლისი 2026,   23:34
ვრცლად
ასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის სეუტას საზღვარზე ცურვით გადავიდა - {ვიდეო}

სეუტას ლიდერის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ექსკლავ სეუტაში ასობით მიგრანტი შევიდა.

ხუან ხესუს ვივასმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ნაკადი არსებულ რესურსებს აჭატბებს და ესპანეთის მთავრობას ჩარევისკენ მოუწოდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარასკევს სეუტას ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.

გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მიგრანტები სეუტაში გადასვლას ცურვით - საცურაო რგოლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ხოლო სხვები სასაზღვრო ღობის ჭიშკარში გარბიან.

სეუტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ესპნაეთის ძირითადი ტერიტორიისგან  გიბრალტარის სრუტით არის გამოყოფილი და ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტებისთვის დიდი ხანია მთავარ წერტილს წარმოადგენს.

საზღვრის გადაკვეთის მასშტაბების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება - ციფრები ასობით ადამიანით დაწყებული, ათასობით პირამდე მერყეობს.

Reuters-ის ცნობით, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ხუთშაბათს სეუტაში 2 000-დან 3 000-მდე ადამიანი შევიდა, თუმცა სამოქალაქო გვარდიას ეს ციფრი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ამასობაში, ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTVE-მ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ასობით ადამიანი გადავიდა. მათივე ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სეუტას 1 500-ზე მეტმა მიგრანტმა მიაღწია, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდა მაროკოელები არიან.

RTVE იუწყება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ზღვაში 60 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

დღის ამბები