30 ივლისი 2026,   22:11
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე თინა ბოკუჩავა არ გამოცხადდა - პარტიის ყრილობა 6 დღეში გაიმართება, სადაც დროებითი მმართველობითი ორგანოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა დადგეს

თინა ბოკუჩავას, მის კალენდარზე გადამწყვეტი სხდომის თარიღი სავარაუდოდ არც მოუნიშნავს. რადგან დანიშნულ დროს და დანიშნულების ადგილზე მისვლა სავალდებულოდ ყველაზე კრიზისულ მომენტშიც კი არ მიიჩნია. პოლიტსაბჭოზე მისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი დატოვა, თუმცა რატომ? - პარტიის წევრებისთვის, ეს არც სატელეფონო კომუნიკაციისას აუხსნია.

თბილისიდან გავიდა და სხდომაზე დისტანციურად მონაწილეობაც არ ისურვა. ამით "ნაციონალური მოძრაობის" დირიჟორმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და პოლიტიკურ ორკესტრს ბოიკოტიც გამოუცხადა. ეს კი სააკაშვილის ძველი გვარდიისთვის, მიმავალი თავმჯდომარის მორიგი მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. გენერალურმა მდივანმა, ბოკუჩავას ტელეეთერიდან უთხრა, რომ პარტიის პოლიტიკურ კალენდარს მის ვოიაჟებს ვერ მოარგებენ. თითქმის 2 საათი იმსჯელეს და გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა ისევ მწვავე დაპირისპირებისა და კამათის ფონზე მიიღეს.

ნაციონალებთან გაერთიანებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის განსაკუთრებულ სურვილს ვერ მალავს ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის რჩეული, რომელიც სააკაშვილის პარტიას, მსჯავრდებულის დირექტივებს ჯერ არაწევრის სტატუსით, ე.წ რეფორმატორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან გადასცემს, შემდეგ კი როგორც ზოგიერთი ნაციონალი ვარაუდობს, თავმჯდომარის პოსტსაც მას ჩააბარებენ.

თუმცა ჟორჟოლიანის სურვილები ნაკლებად მნიშვნელოვანია პარტიის ცალკეული წევრებისთვის. მათ შორის არის ანა წითლიძე, რომლის კატეგორიული ტონი დღეს მის განცხადებებშიც იგრძნობოდა. სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არ გამორიცხა, რომ ჟორჟოლიანის საწინააღმდეგოდ, მისი კანდიდატურა დააყენოს.

თუმცა ერთი თავმჯდომარის იდეას ვეტერანი "ნაციონალები" იწუნებენ, რომლებიც არა ერთი, არამედ როგორც თავად ამბობენ ჯგუფური მმართველობის მომხრე არიან. ეს კარგი ფორმულაა მსჯავრდებული სააკაშვილის პარტიის მხოლოდ იმ წევრებისთვის, ვინც ღიად ამბობს რომ პარტიული ავტორიტეტის დათმობას ვერ შეეგუებიან.

პარტიის მართვისა და კრიზისიდან გამოსვლის საკითხზე მსჯელობა, მმართველი გუნდის აზრით, არასერიოზულია, ისევე როგორც თავად ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც უკვე პოლიტიკური რესურსიც ამოწურა. "ქართული ოცნება" როგორც ყოველთვის - ახლაც ამბობს, რომ უცვლელ წრეზე ტრიალი და არაფრის მომცემი კონფიგურაციები სააკაშვილის გუნდის პოლიტიკური დასასრულის წინაპირობა გახდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისმა პიკს შესაძლოა 6 დღეში ყრილობაზე მიაღწიოს, სადაც დროებითი მმართველობითი ორგანოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა დადგეს. სწორედ ამ ორგანომ უნდა მიიყვანოს და მოამზადოს სააკაშვილის გუნდი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ 6 თვის ვადაში გაიმართება.

დღის ამბები