12 ნოემბერი 2026,   12:05
ვრცლად
საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას - ლევან ჟორჟოლიანი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9-ე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე დღეს დუბლინში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, პლენარული სესიის გახსნას დაესწრება. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

ირლანდიაში ჩასულები არიან კონტინენტის 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც ევროპის ქვეყნების ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ დიალოგი პირისპირ აწარმოონ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

"პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, სადაც იგი ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს დღეს ევროპაში. აღნიშნული შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ ეფექტს ახდენს ევროპის ეკონომიკაზე.

ასევე, საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც შეუერთდება ამ განცხადებას", - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები