თბილისი ცენტში, კონსპირაციულ ბინაში ნარკოტიკული საშუალება კანაფი მოჰყავდათ. სახლი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იქირავეს. მომარაგებული ჰქონდათ ქიმიური ნივთიერებები და კულტივირებისთვის საჭირო აღჭურვილობა. კანაფის სათბურები სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინეს.
"კურიერის" ინფორმაციით ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი სამართალდამცველებმა დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. ირკვევა, რომ გარდა კულტივირებისა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციასაც უწყობდნენ ხელს, ამოღებულია 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი, მათი დიდი ნაწილი დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული იყო.
13 კილოგრამზე მეტი მცენარე კანაფი და 7 კილოგრამი მარიხუანა - პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების პირადი და სახლების ჩხრეკისას ამოიღეს.
აღიარებენ თუ არა ბრალს და ჰყავდათ თუ არა მოკავშირეები ნარკოდანაშაულში ჩართულ პირებს - სასამართლო სხდომებზე გაირკვევა. დაკავებულების პოზიციაზე და საქმის მასალებზე ადვოკატები არ საუბრობენ.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება თბილისში, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. 21 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების გარდა, საქმეში ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პარკები და წებოვანი ლენტებიც დევს.
თბილისის გარდა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები იმერეთშიც ჩატარდა. დაკავებულია ორი პირი და ამოღებულია 32 კაფსულა "მეთადონი", "მარიხუანა" და 13 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი" .