აშშ-მა დააწესა სანქციები იმ გლობალური ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც ირანულ ავიაკომპანია Mahan Air-ს უჭერენ მხარს.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ავიაკომპანიას ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პერსონალი გადაჰყავს, ასევე გადააქვს იარაღი და დრონები.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთსა და ირანში მოქმედ 6 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიის გაყიდვების აგენტებისა და მხარდამჭერი ქსელის როლს ასრულებდნენ.
ახალი სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც ირანზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით როგორც სამხედრო დარტყმების, ისე ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას ითვალისწინებს.