ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სააგენტო Reuters-ის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინი ირანისთვის გადასატანი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსების (300-დან 400 ერთეულამდე) გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეიარაღების ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
"ეს ცნობები სიცრუე და სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის როლი ყოველთვის იყო მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტის დასრულება," - განუცხადა სამინისტროს პრესმდივანმა მაო ნინგმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ძალიან იმედგაცრუებული" დარჩებოდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდიდა.
CNN-ი ადრეც იუწყებოდა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემების მიწოდებას ამზადებდა იმ ფონზე, როდესაც თეირანი საკვანძო უცხოელი პარტნიორების დახმარებით გარკვეული შეიარაღების შევსებას ცდილობს.