24 ივლისი 2026,   13:38
ვრცლად
"ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, როდესაც დაინახა, რომ საკუთარ ქვეყანას შეეხო ადამიანი, ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა" - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი

სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელ პირს. შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თავდასხმიდან მალევე, ოქრიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში თავადვე მივიდა, გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა დატოვა. მოგვიანებით, ის პოლიციამ გამოკითხა.

საკუთარი სურვილით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში თავდამსხმელიც, ნიკო ხურცილავამ დანაშაული აღიარა და ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თავდასხმის მოტივი ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა.

ნიკო ხურცილავამ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილიც გაავრცელა. ის განმარტავს, რომ ძალადობის მომხრე არ არის, თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კოორდინირებულმა მოქმედებამ ქართული კულტურის, ისტორიის და ეკლესიის წინააღმდეგ, მისი მხრიდან ის რეაქცია გამოიწვია, რაც საზოგადოებამ იხილა.

მომხდარის შესახებ საუბრობენ ნიკო ხურცილავას მეგობრებიც.

"ნიკო არის ერთ-ერთი ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. არასდროს არ ჰქონია არავისთან კონფლიქტი. არის ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი, რომელიც მე ვიტყოდი, რომ არამარტო კონკრეტულ ადამიანს შეეხო, არამედ დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის მოღვაწეობას, თუ რას აკეთებს მის გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიებს.

ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, როდესაც დაინახა, რომ საკუთარ ქვეყანას შეეხო ადამიანი, ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის საკუთარი ქვეყნისთვის, თუ საჭირო იქნება, ციხეშიც ჩაჯდეს," - განაცხადა ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.

დღის ამბები