ბერლინი, ვილა ბორსიგი - საქართველოს ელჩმა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები სამთავრობო რეზიდენციაში, თბილისის დროით 12:30 საათზე, გადასცა. სწორედ ამ წუთიდან გახდა ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლებამ უფლებამოსილება ოფიციალურად მიანიჭა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში" - ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ალექსანდრე კარტოზიასა და დღეს აკრედიტებულ სხვა ელჩებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. გერმანიის პრეზიდენტმა დიპლომატს მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა, საერთო ფოტო გაავრცელა და მის რეზიდენციასთან საქართველოს დროშაც აღიმართა.
საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე ქვეყნის გადაწყვეტილება და შეცვლილი დამოკიდებულება ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისკენ გადადგმული პირველი პოზიტიური ნაბიჯია ოფიციალური თბილისისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართველმა დიპლომატმა და გერმანიის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უკვე ისაუბრეს.
ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა, ელჩ პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ამოწურვიდან 20 დღეში, გაჩნდა, რაც სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორედ გერმანელი დიპლომატი იყო ერთგულ პარტნიორებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის მთავარი მოწინააღმდეგე.
ურთიერთობის ფორმასთან ერთად, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც საკუთარი საიტიდან სრულად წაშალა პრეზიდენტისა და საქართველოს პირველი დიპლომატის შესახებ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია. რატომ გადადგა გერმანულმა მხარემ ეს ნაბიჯი პეტერ ფიშერის წასვლის შემდეგ? დიპლომატის პარტნიორი ოპოზიცია პასუხის ნაცვლად დღეს, ტრადიციულად, მხოლოდ დიპლომატის პოზიციებს იცავდა.
ელჩი პეტერ ფიშერია რადიკალიზმის წახალისებაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი „ქართული ოცნებისთვის“. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გერმანელი დიპლომატი საკუთარი მისიის განმავლობაში მიზანმიმართულად აზიანებდა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირს და არღვევდა ვენის კონვენციას, რომელიც სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების წესებს განსაზღვრავს.
ელჩების აკრედიტაციის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ თავად გაავრცელა. ჩამონათვალში პირველი იყო ალექსანდრე კარტოზია, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.