ხმა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ღამის 10 საათზე გაიგეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იყო. დაცხრილული ავტომობილი, დაჭრილი ახალგაზრდები და დაშავებული გამვლელი ქალი - მაცხოვრებლებს ადგილზე მძიმე სურათი დახვდათ.
მალევე გაირკვა, რომ 4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ცეცხლნასროლი ჭრილობა 17 წლის ბიჭისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ნიკოლოზ ღუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შანიძის 31 ნომერთან, ნიკოლოზ ღუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ავტომობილში იჯდა, თვითმხილველების თქმით ახალგაზრდები ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ. თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. ამის შემდეგ განახორციელა კაპანაძემ გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა.
თავდამსხმელის ვინაობა და ადგილმდებარეობა პოლიცაიმ მალევე დაადგინა. ის ნიკოლოზ კაპანაძეა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაპანაძე შანიძის ქუჩაზე მდებარე ამ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში იმალებოდა, დაკავების ღონისძიებაც პოლიციამ სწორედ აქ ჩაატარა. მის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებს მამაკაცმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნიკა კაპანაძე დაკავებულია, თუმცა ის ახლა ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელის თითები დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. 41 წლის მამაკაცი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა. მას შემდეგ, რაც ექიმი მისი გაწერის ნებართვას გასცემს, კაპანაძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძე პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი სიორიძის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძე "ლელოს" აქტივისტიც იყო.
"კურიერი" სიორიძესთან ამ ინფორმაციის გადამოწმებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ტექსტური შეტყობინებით განმარტებებისთვის მხოლოდ პირდაპირი ეთერი მოითხოვა. პარალელურად კი ის ოპოზიციური მედიის სტუმარი იყო, სადაც არაფერი უთქვამს ნიკა კაპანაძესთან კავშირზე და მისი პარტიის აქტივისტობაც უარყო.