91-ს მინუს სააკაშვილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული არ არის. სიაში ვერ მოხვდა, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, ვერ დააკმაყოფილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაწესებული შესაბამისი კრიტერიუმები. რუსთავის ციხის პატიმარმა ვერ გაიგო, რა სტანდარტით მუშაობს ეკა გიგაურის ენჯეო და დაწერა ის, რასაც წლების განმავლობაში ფიქრობდა.
მმართველი პარტიის შეფასებით, ფაქტი ადასტურებს, რომ პოლიტიკურად გაუფასურებული "ნაცმოძრაობის" ლიდერი აღარ მოსწონთ არც მისსავე მხარდამჭერ ენჯეოებს, რომლებიც თავის მხრივ, ანგარიშებსაც წინასწარ გაწერილი სიებით ადგენენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აბსურდულია თავად ის საკითხიც, რის გამოც სააკაშვილი ორგანიზაციას დაუპირისპირდა.
რატომ არ შეიყვანა გამჭვირვალობამ სააკაშვილი სიაში? - კითხვა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ყოფილ იდეოლოგსაც აწუხებს, პოლიტიკურ-სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია სხვებისთვის, ვისთვისაც ექსპრეზიდენტი დამსახურებულ სასჯელს იხდის.
მხილება სიმართლისთვის - ასე აფასებენ საერთაშორისო გამჭვირვალობის მისამართით სააკაშვილის კრიტიკას საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ამბობენ, რომ ორივე მხარე სწორია - არც ერთია პოლიტიკური პატიმარი, და არც მეორე კეთილსინდისიერი ენჯეო.
ორ სუბიექტს შორის დაწყებულ დავას დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
რას ფიქრობს თავად ეკა გიგაური მიხეილ სააკაშვილზე? - გამჭვირვალობის ხელმძღვანელს "ნაცმოძრაობის" ლიდერისთვის საჯაროდ პასუხი არ გაუცია.
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჩვენი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, მათ საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვეს.