გერმანიის თავდაცვის უწყება კრიზისის წინაშეა, 2026 წელს დანერგილი რეკრუტირების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავდა არმიის რიგების ნებაყოფლობით შევსებას, მოლოდინს ვერ ამართლებს, - წერს მედია.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის გეგმით, ევროპაში ყველაზე ძლიერი კონვენციური არმიის შესაქმნელად, გერმანიის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 185 000-დან 2035 წლისთვის, სულ მცირე, 260 000-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა რეალური შედეგი ამ მიზნებს საგრძნობლად ჩამორჩება.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თითქმის 300 000 ახალგაზრდას დაუგზავნა კითხვარი, იანვრიდან მაისის ჩათვლით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ 530 მოხალისე მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კითხვარზე პასუხის გაცემის მაჩვენებელი მამაკაცებში საკმაოდ მაღალი - 96%-ია, თუმცა რეალური "კონვერტაცია", ანუ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვაზე თანხმობა, პრაქტიკულად არ ხდება.
კერძოდ, გაგზავნილი 298 200 კითხვარიდან სამედიცინო და შერჩევის პროცედურები მხოლოდ 1 500-მა პირმა გაიარა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კითხვარების შევსებისას ყოველი მეხუთე რესპონდენტი სამხედრო სამსახურის მიმართ გარკვეულ ინტერესს გამოხატავდა, თუმცა ეს სურვილი ფორმალურ ეტაპზე იშვიათად გადადის.
ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ღრმა კრიზისშია.
მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად არაკონკურენტული ანაზღაურება, არმიის ნეგატიური იმიჯი და რთული სამუშაო პირობები სახელდება.
თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესვერის გაფართოებას ნატოს ვალდებულებების შესრულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მიზნად 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის 260 000 სამხედროსა და 200 000 რეზერვისტის მობილიზებას ისახავს, თუმცა სპეციალისტთა შეფასებით, რეკრუტირება გერმანიის თავდაცვითი ამბიციების მთავარ ბარიერად რჩება, რომლის გადალახვასაც ხელისუფლება მხოლოდ კითხვარების დაგზავნის მეთოდით ვერ ახერხებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც მედია წერს, 2027 წლის ივლისისთვის გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რადგან ნებაყოფლობითი რეკრუტირების პროგრამამ იმედგაცრუება აჩვენა.