საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძისა და წევრების წინაშე, გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ ეკოლოგიური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ქალაქის მერია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.
„საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ ქალაქის ეკოლოგიაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ჯერ კიდევ გვაქვს. რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება. დღეს საქართველოს მთავრობა და არსებული კანონმდებლობა გვაძლევს რესურსს, რომ რუსთავის ისტორიული გამოწვევა დავძლიოთ. ჩვენ კიდევ უფრო ქმედითად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს შესაძლებლობა, რეალურ შედეგად ვაქციოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე.
რუსთავში ამ ეტაპზე მიმდინარე ეკოლოგიური პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანებაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
რუსთავი პირველი ქალაქია საქართველოში, საიდანაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი - „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში და საბავშვო ბაღების ტერიტორიებზე უკვე 1000 ძირი ხე-მცენარე დაირგა.
ქალაქს აქვს რუსთავის გამწვანების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების სტრატეგია, რომლის შესახებაც მემორანდუმია გაფორმებული რუსთავის მერიასა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.
რუსთავის მერია ქალაქის ფლორის გასამდიდრებლად საკუთარ რესურსს სანერგე მეურნეობასაც იყენებს და რუსთავში მიმდინარე ყველა პროექტში გათვალისწინებულია დენდროლოგიური კომპონენტი.
რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის სტრატეგიაში, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების მოწესრიგებას. ამ ეტაპზე, რუსთავში ახალი გზის და ტროტუარების მოწყობა, 8 სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს და მწვანე სივრცეების შექმნა, თითოეულ პროექტშია გათვალისწინებული.