29 ივნისი 2026,   17:04
ვრცლად
არავინაა მოტივირებული "ნაციონალური მოძრაობა" დააზიანოს, ამას თავადაც კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით - ნიკა გვარამია

"ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სააკაშვილის პარტია ყრილობისთვის ემზადება. ივლისში მოქმედ თავმჯდომარესა და რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თინა ბოკუჩავას, დიდი ალბათობით, სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლებს. ჟორჟოლიანის აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციური ალიანსი უნდა დატოვოს, რადგან ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ერთობაში შექმნის დღიდან სააკაშვილის მწვავე კრიტიკა ისმის.

დამატებით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ კოალიციაში "ანტი-მიშა" კამპანია მიმდინარეობს.

"ანტი მიშა კამპანიაზე არაერთხელ გვითქვამს - როდესაც მიხეილ სააკაშვილზე პიროვნული თავდასხმები არ წყდება, ეს მიუღებელია. გაუგებარია რატომ შეიძლება ადამიანი თავის პოზიციების გამოთქმის გამო, მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყოს, ალიანსი გარკვეული წევრებისა და აქტორების მხრიდან. მომდევნო ყრილობაზე, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, განხილული იყოს ეს საკითხიც.

ამ შემთხვევაში, ორიენტირებულნი ვართ შიდაპარტიულ საკითხებზე - ყრილობაზე. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი კარგი ლიდერია, ამიტომ შეიძლება სხვა ადამიანები ვიხილოთ, რომელთაც შესაძლოა არანაკლებ საინტერესო და ჩემთვის მისაღები ხედვა ჰქონდეთ" - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ, ოპოზიციურ ალიანსში აცხადებენ, რომ არავინ ცდილობს ამ პარტიის დაზიანებას, ისინი ამას თავადვე, შიდა დაპირისპირებით ახერხებენ. "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" თავის როლსა და არსებობაზე დიდი წარმოდგენა აქვს.

"არ ვიცი "ანტიმიშური" კამპანია ვის აქვს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ გაჩერებულა "ნაციონალური მოძრაობა", სამწუხაროდ, არც მიხელი სააკაშვილი, ისე, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან, პრაქტიკულად, დღეს არ ტოვებენ.

არ ვიცი ვინ რა დააზიანა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილზე, არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე კაცობრიობის ისტორიაში.

ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინაა მოტივირებული "ნაციონალური მოძრაობა" დააზიანოს, ამას თავადაც კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუ ვინმეზე დგას ალიანსი, მათ შორისაა "კოალიცია ცვლილებებისთვის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები