შინაარსიანი - ასე შეაფასეს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრა. პირველი კომუნიკაცია კონკრეტული შედეგით დასრულდა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, პატრიარქისგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება სამმხრივი შეხვედრა, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები, მშობლები და სპეციალისტები ჩაერთვებიან.
საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის საპატრიარქო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უწმინდესმა მშობლების მიერ გაზიარებული პრობლემები მოისმინა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკითხი როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ დონეზე კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს.
მშობლების მხრიდან მოთხოვნილი პრეპარატების უმეტესობა ექსპერიმენტულ ფაზაშია და საბოლოო ავტორიზაცია არც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსგან და არც ევროპის მარეგულირებელი ორგანოსგან აქვს. მედიკამენტების არაეფექტურობასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებზეც საუბრობენ. კვლევების საბოლოო შედეგებს, საქართველოს მსგავსად, ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ელოდებიან.
უცხოური პრაქტიკისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სურთ საქართველოშიც. ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, აცხადებს, რომ პრეპარატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები. იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალი მედიკამენტები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შეხვედრებზე, რომლებიც მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართა. მინისტრის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით არაერთი კითხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს.
დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ხელისუფლების პოზიცია ვრცლად განმარტა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს. იშვიათ დაავადებას მსოფლიოში 300 000-მდე ადამიანი ებრძვის, საქართველოში კი ამ სინდრომით 100-მდე მოზარდი ცხოვრობს.