გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროზონაში ინფლაცია აპრილში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და 3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური მაჩვენებლების ასეთი მკვეთრი ცვლილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა შოკმა განაპირობა.
წინასწარმა მონაცემებმა გადააჭარბა Reuters-ის გამოკითხვის შედეგად ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 2.9 პროცენტს. შედარებისთვის, მარტის მაჩვენებელი 2.6 პროცენტს შეადგენდა. ეს უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ინფლაცია ევროპის ცენტრალური ბანკის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს - 2 პროცენტს - აჭარბებს. პარალელურად, სხვა მონაცემები მოწმობს, რომ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკური ზრდა 0.1 პროცენტამდე შენელდა.
როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო ობლიგაციები წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ნავთობის მზარდმა ფასმა ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნების შიში გაამძაფრა.
გერმანული 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ დილის ვაჭრობაში 2011 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - ის 3.13 პროცენტამდე გაიზარდა, რის შემდეგაც 3.11 პროცენტამდე დაიწია.
ბრიტანული 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობაც, რომელიც 2008 წლის შემდეგ მაქსიმუმთანაა მიახლოებული, 5.1 პროცენტამდეა გაზრდილი. პარალელურად, Stoxx Europe 600 აქციების ინდექსი 0.1 პროცენტით დაეცა.
რაც შეეხება ნავთობის ფასს, საერთაშორისო ეტალონის, Brent-ის ღირებულება 7 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 126 დოლარს მიაღწია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თებერვალში აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ.
ბაზარზე იზრდება შეშფოთება ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგომატარებლების გლობალური მიწოდების ხანგრძლივ შეფერხებასთან დაკავშირებით.
ნავთობის ბაზარზე არსებული ტურბულენტობის ფონზე, ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების შესახებ მორიგი გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად ემზადებიან.
მოსალოდნელია, რომ ორივე უწყება განაკვეთებს ამ ეტაპზე უცვლელად დატოვებს. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ საჭიროა დამატებითი დრო იმის შესაფასებლად, გადაიზრდება თუ არა ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი უფრო ფართო ინფლაციურ საფრთხეში.