გიგა ავალიანის დედა ხვალ სასამართლოში დაიკითხება. დღეს გაიმართა დაკავებული 3 ბრალდებულის მორიგი პროცესი. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
საქმის პროკურორის ქეთევან სონიძის განცხადებით, მოწმეებმა უტყუარი ჩვენებები მისცეს სასამართლოს და ნამდვილად დაადასტურეს ყველა წარდგენილი ქმედების ჩადება ბრალდებულთა მხრიდან.
"ისევ აქტიურად მიმდინარეობს გიგა ავალიანის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს, კიდევ ერთხელ დაიკითხა სასამართლოში არაერთი მოწმე, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მისცეს სასამართლოს და ნამდვილად დაადასტურეს ყველა წარდგენილი ქმედების ჩადება ბრალდებულთა მხრიდან. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ხვალ სასამართლოში დაიკითხება დაზარალებულის უფლებამონაცვლე - გიგა ავალიანის დედა", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.