02 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ გემი TARYN EVE, ისევე როგორც მისი მფლობელი და ოპერატორი კომპანიები, არცერთ საერთაშორისო სანქციათა სიაში არ ირიცხებიან.

უწყების ცნობით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა:

"ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები.

გემს გააჩნია მოქმედი ნორვეგიული P&I პასუხისმგებლობის დაზღვევა (Hydor AS), რომელიც ძალაშია 2026 წლის 18 დეკემბრამდე, ასევე მოქმედი კლასის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ევროკავშირის მიერ აღიარებული და საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ინდოეთის სანაოსნო რეგისტრის მიერ (Indian Register of Shipping). აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ გემი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებს და არ წარმოადგენს სანქცირებულ ან ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს. აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები.

ჟურნალისტმა კითხვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კითხვებში აღნიშნული იყო, რომ ხსენებულ სატვირთო გემი კომპანია ForteTrade FZ LLC-ს ეკუთვნის. ჟურნალისტს განემარტა, რომ კომპანიისა და გემის კავშირის ან კუთვნილების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება გემის დოკუმენტაციით.

გემის რეგისტრირებული მფლობელია კომპანია- SEA WISE SHIPPING S.A. (ლიბერია) Comp. IMO: 0369071

გემის ტექნიკური მენეჯერია : EMPOWER SHIP MANAGEMENT PVT LT (ინდოეთი)

Comp. IMO: 0168984

გემის კომერციული და ბენეფიციური მფლობელი: ANVION MARITIME & LOGISTICS SERVICES FZCO (UAE)

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა.

ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გადაცემის "შაბათის ფორმულა" ჟურნალისტს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გემის შესახებ, მან ასევე მიიღო სატელევიზიო კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და გამიზნულად ეწევა ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები