02 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
"მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო " - ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორი

პროკურორის, მარიამ წულაიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის იყოს იმისთვის, რომ სასამართლოს ის დამნაშავედ ეცნო.

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავედ იქნა ცნობილი.

საქმეში წარმოდგენილი იყო, როგორც მოწმეთა, თვითმხილველის ჩვენება, რომელიც უშუალოდ შეესწრო დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მანვე, საკუთარი მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასევე მოიპოვებოდა ვიდეო ჩანაწერები, რაც გამოკვლეული იქნებოდა სასამართლო პროცესზე.

საქმეში იყო წარმოდგენილი სასაქონლო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ ისიც განმარტა, რომ სისხლი სამართლის კოდექსით დადგენილი ზიანის მინიმალურ ოდენობას აღემატებოდა და შესაბამისად, მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო ", - განაცხადა მარიამ წულაიამ.

ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღის პირველ ნახევარში გამოცხადდა. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი პროცესს არ დასწრებია.

პროცესზე მოსამართლემ თქვა, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ 16 ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, საქმეში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, არ გადაიხადა გირაო, არ აქვს ანაზღაურებული ზარალი, არ აღიარებს დანაშაულს.

საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის 15 სექტემბერს დააკავეს.

 

დღის ამბები