პროკურატურა ელენე ხოშტარიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.