18 ივნისი 2026,   19:19
ვრცლად
ორბანი ევროკავშირს უპირისპირდება - უკრაინის დახმარების 90 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი ბლოკირების რეალური საფრთხის წინაშეა

გერმანიის ხელისუფლება ცდება, როდესაც აცხადებს, რომ ევროპას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა უფრო დიდხანს შეუძლია, ვიდრე რუსეთს კონფლიქტში მონაწილეობა - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ ორბანმა რადიოეთერში განაცხადა, რომ მიმდინარე ომი ევროპას სრულად გაანადგურებს. ცნობილია ისიც, რომ ბუდაპეშტი ბრიუსელში კიევის სასარგებლოდ არცერთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

გავრცელდა ოფიციალური ბერლინის პოზიციაც. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ვიქტორ ორბანის გეგმა, ვეტო დაადოს კიევისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, უპასუხოდ არ დარჩება. კანცლერის განმარტებით, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე სთხოვეს ევროკომისიას, მოძებნოს შემოვლითი გზები, რათა უკრაინამ დაპირებული ფინანსები უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღოს.

უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას, უნგრეთთან ერთად, სლოვაკეთიც ეწინააღმდეგება. სწორედ ამის გამო, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევისთვის 90-მილიარდიანი მხარდაჭერის დამტკიცება ვერ შეძლეს. მედიის ინფორმაციით, ბრატისლავა და ბუდაპეშტი პროცესს კიევის მიერ იმ მილსადენის გადაკეტვის გამო აფერხებენ, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის დამტკიცებაა. მიუხედავად იმისა, რომ კიევს ფინანსური რესურსი მაისის დასაწყისისთვის კრიტიკულად დასჭირდება, ევროპულმა საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის ამ ინსტრუმენტზე საერთო პოზიციას ვერ მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკის ლიდერები საკითხს აპრილის ბოლოს დაუბრუნდებიან.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები