დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ოდენობით ფულისა და ოქროს გადაზიდვის ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი გენერალი ხელმძღვანელობდა.
"უნგრეთის ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციამ უნგრეთის გავლით ნაღდი ფულისა და ოქროს დიდი რაოდენობით გადაზიდვასთან დაკავშირებით დაკავებული, უკრაინის შვიდი მოქალაქის ვინაობა დაადგინა.
ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი გენერალი ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი იყო და მათ სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ეხმარებოდნენ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, შვიდივე პირის უნგრეთიდან გააძევებენ", - წერს ზოლტანი.
ხუთშაბათს, უნგრეთის ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციამ, უკრაინის შვიდი მოქალაქე და ორი ჯავშანტექნიკა დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ავსტრიიდან უკრაინაში სულ 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროს და 9 კილოგრამი ოქროს გადაზიდვას ახორციელებდნენ.
უნგრეთის მთავრობა უკრაინისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას და განმარტებას მოითხოვს უნგრეთის ტერიტორიაზე ნაღდი ფულის გადაზიდვასთან დაკავშირებით, რადგან, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, "სამართლიანად ჩნდება კითხვა, ეს ფული უკრაინული სამხედრო მაფიის ხომ არ არის“.
მინისტრმა დასძინა, რომ, იანვრიდან მოყოლებული, უკრაინელებმა უნგრეთის გავლით სულ 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევროს ნაღდი ფული, ასევე 146 კილოგრამი ოქროს ზოდები გადაიტანეს.