დიდ ბრიტანეთში "ლეიბორისტ" დეპუტატ ჯოანი რეიდს უფლებამოსილება შეუჩერდა - მისი მეუღლე ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "სქაი ნიუსი“ ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, რეიდმა საკუთარი ნებით თქვა უარი ლეიბორისტულ პარტიაში საქმიანობაზე და "შიდა მოკვლევის დასრულებამდე“ საპარლამენტო მუშაობაშიც აღარ მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატის მეუღლე, დევიდ ტეილორი, ერთ-ერთია იმ სამ პირს შორის, რომლებიც ოთხშაბათს უცხოური სადაზვერვო სამსახურის დახმარების ბრალდებით დააკავეს. თავად ტეილორი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. სამივე დაკავებული კი მაისამდე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პარალელურად, გამოცემა "ჰერალდმა" გაავრცელა ინფორმაცია ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. ირკვევა, რომ დეპუტატის საკონსულტაციო კომპანიამ მისი მეუღლის ბიზნესებიდან 23 000 ფუნტზე მეტი უპროცენტო სესხი მიიღო. თავად მეუღლეს კი, 2021 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ფირმებიდან ასობით ათასი ფუნტი აქვს მიღებული დივიდენდებისა და უპროცენტო სესხების სახით.
საქმეს ეხმაურება ლონდონის კონტრტერორისტული პოლიციის უფროსი, ჰელენ ფლანეგანი აცხადებს, რომ ბოლო წლებში, ქვეყანაში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.