ლოკაცია: თეირანი, სამთავრობო კომპლექსი
სპეცოპერაციის სამიზნე ადგილზეა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მივიდა.
შეხვედრიდან არავინ გამოსულა.
ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ეპიკური რისხვა“ („ლომის ღრიალი“), ისრაელის დროით 06:00 საათზე დაიწყო.
09:40-ზე ისრაელის ავიაციამ კომპლექსზე დაახლოებით 30 მაღალი სიზუსტის ბომბი ჩამოაგდო.
ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურდა.
შენობაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.

1 მარტი.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ოფიციალურად ადასტურებს: აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია.

ხამენეისთან ერთად სამთავრობო კომპლექსში სხვა მაღალი რანგის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ:
ალი შამხანი - უსაფრთხოების საკითხებში უზენაესი ლიდერის მრჩეველი
მოჰამად შირაზი - უზენაესი ლიდერის სამხედრო ბიუროს ხელმძღვანელი
აზიზ ნასირზადე - თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრი
მოჰამად ფაქფური - ისლამის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური
ჰოსეინ ჯაბალ ამელიანი - თავდაცვითი ინოვაციების და კვლევების ორგანიზაციის (SPND) თავმჯდომარე
რეზა მოზაფარი-ნია - თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი
სალეჰ ასადი - „ხათამ ალ-ანბიას“ სარდლობის დაზვერვის ხელმძღვანელი
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ მეირ ლიკვიდირებულია 40-ზე მეტი მაღალჩინოსანი, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი ჯერ ცნობილი და დადასტურებული არ არის.
დადასტურებულია აიათოლა ალი ხამენეის ცოლის, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადეს გარდაცვალება. ირანული მედიის ცნობით, 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ამერიკისა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს. ის დაბომბვის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა - ხოჯასტე ბაღერზადე ამ დრომდე კომაში იყო.
რატომ შეიცვალა გეგმა?
CNN-ის ცნობით, ვაშინგტონი და თელავივი თავდაპირველად ირანზე დარტყმებს ღამის საათებში გეგმავდნენ. თუმცა ოპერატიული გეგმა შეიცვალა მას შემდეგ, რაც CIA-ის მიერ მიწოდებულმა დაზვერვის მონაცემებმა ახალი დროის ფანჯარა გახსნა.
რატომ შეიცვალა გეგმა და როგორ შეძლეს ამერიკისა და ისრაელის დაზვერვებმა ის, რასაც ისრაელის სპეცსამსახურები წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ: გაეგოთ აიათოლა ალი ხამენეის ზუსტი ადგილმდებარეობა და მოეხერხებინათ მისი ლიკვიდაცია?
სამიზნის განადგურებას დაახლოებით 60 წამი დასჭირდა.
ოპერაციის დაგეგმვას კი - თვეები.
ოპერაცია "ეპიკური რისხვა" ("ლომის ღრიალი")
CIA ირანის სულიერი ლიდერის გადაადგილებას თვეების განმავლობაში აკვირდებოდა.
CNN-ს წყაროები უყვებიან, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ წინასწარ შეისწავლა 86 წლის აიათოლას გადაადგილების მარშრუტი და უსაფრთხოების წესები, რომელსაც ის იცავდა.
აგენტები აკვირდებოდნენ მის ყოველდღიურ ქცევას - სად ცხოვრობდა, ვის ხვდებოდა, ვისთან ჰქონდა ყველაზე ხშირი კომუნიკაცია, სად შეიძლებოდა გადამალულიყო თავდასხმის შემთხვევაში.
Financial Times-ის ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტოებმა ირანში საგზაო კამერებისა და მობილური ტელეფონების სისტემებში შეაღწიეს, რის შედეგადაც თვალს ადევნებდნენ უზენაესი ლიდერისა და მისი დაცვის გადაადგილებას.
დაზვერვა ასევე აკვირდებოდა ირანის მაღალჩინოსან სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც აიათოლასთან შეხვედრისთვის იშვიათად იკრიბებოდნენ ერთ სივრცეში.
რადგან შეხვედრები არცთუ ისე ხშირი იყო, შესაძლებლობის პოვნაც რთულ ამოცანად რჩებოდა. თუმცა თებერვლის ბოლოს ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა.
დაზვერვამ დაადგინა, რომ ხამენეი შაბათ დილით, თეირანის სამთავრობო კომპლექსში, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავდა.
წყაროების ცნობით, ზედმეტად ფრთხილი უზენაესი ლიდერი დღის საათებში თავს უფრო დაცულად გრძნობდა, ვიდრე ღამით. ამიტომ შეხვედრაც დილის საათებისთვის დაიგეგმა.
შესაბამისად, თავდაპირველად ღამისთვის დაგეგმილი იერიში დღისით განხორციელდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებს ბოლოს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა:
„შაბათს გამთენიისას ოპერაცია "ლომის ღრიალი" იწყება.
თქვენ გაქვთ ნებართვა დაარტყათ სამიზნეებს.
ჩვენ ისტორიას ვქმნით.
მე თქვენ გენდობით.
წარმატებები ყველას.“
ბრძანების მიღების შემდეგ, მაღალი სიზუსტის იარაღითა და შორი მოქმედების რაკეტებით აღჭურვილმა ისრაელის საბრძოლო ავიაციამ აიათოლას კომპლექსზე დარტყმა ზუსტად 09:40 საათზე განახორციელა.
კომპლექსი მთლიანად განადგურდა.

პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს ხამენეის სიკვდილი შეატყობინა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო.
მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანის ლიდერმა ვერ შეძლო ამერიკისა და ისრაელის დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების გვერდის ავლა.
დონალდ ტრამპი მართალი აღმოჩნდა.
ირანის დაზვერვამ ვერ მოახერხა ისრაელისა და ამერიკის ოპერატიული გეგმის დროული ამოცნობა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება.
ოპერაციამ აჩვენა, რომ ორ ქვეყანას ირანში უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ფართო და კოორდინირებული სადაზვერვო ქსელი - საკმარისად დეტალური და ღრმა, იმისათვის რომ დაედგინათ ხამენეის გადაადგილების დრო, შეხვედრის ფორმატი და უსაფრთხოების სისტემის სუსტი წერტილები.
ეს იყო ოპერაცია, რომელშიც სამხედრო იერიში მხოლოდ საბოლოო ფაზა აღმოჩნდა - გადამწყვეტი ფაქტორი დაზვერვის ინფორმაციის სიზუსტე და მისი დამუშავების სისწრაფე იყო.
რა როლი ითამაშა ხელოვნურმა ინტელექტმა?
ანალიტიკოსების შეფასებით, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ოპერატიული გარემო ფუნდამენტურად შეცვალა.
CNN-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურებმა სპეცოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაგეგმვის პროცესში გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები - მათ შორის კომპანია Anthropic-ის მიერ შექმნილი სისტემა Claude.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონმა Claude სამხედრო ოპერაციაში გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ Anthropic-ის მოდელი გამოყენებული იყო ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დაგეგმვის პროცესშიც.

ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი სამხედროებს ეხმარება ფართომასშტაბიანი მონაცემების დამუშავებაში - რუკების ანალიზში, მედიისა და სოციალური ქსელების რეალურ დროში მონიტორინგში, გადაადგილების ტრაექტორიის პროგნოზირებაში.
ხელოვნური ინტელექტის ჩართვამ ოპერაციის ხასიათი ძირეულად შეცვალა.თუ წარსულში მსგავსი ოპერაციები დიდწილად მხოლოდ ადამიანურ აგენტურ ქსელზე იყო დამოკიდებული, დღეს მონაცემების რეალურ დროში დამუშავება, გადაადგილების პროგნოზირება შესაძლებელს ხდის სამიზნის ადგილმდებარეობის უფრო ზუსტ დადგენას.
რაც წლების განმავლობაში თითქმის შეუძლებელი ჩანდა, ტექნოლოგიურმა ეპოქამ რეალობად აქცია.
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: მაშინ როდესაც მე-20 საუკუნეში სახელმწიფოთა ძალა ძირითადად არმიის სიძლიერით იზომებოდა, ხომ არ განისაზღვრება ის 21-ე საუკუნეში უკვე ალგორითმებითაც?
ავტორი: ნათია ჩეხერია.