18 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ფიგურულ სრიალში ისტორიულ გამარჯვება და პირველი ოლიმპიური მედალი ზამთრის ოლიმპიადაზე - ლუკა ბერულავას და მისი მეწყვილის რთული გზა წარმატებისკენ

ისტორიული გამარჯვების ღამე და მისი მთავარი გმირები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა. ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავას წარმატებული დებიუტი ჯერ კიდევ 2020ი წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიპმიურ თამაშებზე შედგა, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"კურიერი P.S."-მა ლუკა ბერულავას ოჯახის წევრებთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დრო გავიდოდა და ის პატარა ბიჭი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ასპარეზობის მთავარი გმირი გახდებოდა. ალბათ, ვერც დედა.

ოლიმპიური გამარჯვების წუთების გახსენება ემოციების გარეშე ახლაც უჭირს. იმ გადამწყვეტ წამებში, როცა ლუკა ბერულავა მეწყვილესთან ერთად კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას ასრულებდა, ოჯახი შედეგს სუნთქვაშეკრული, სახლში ელოდებოდა. დედამ ლუკას გამოსვლას პირდაპირ ეთერში ვერ უყურა და ოლიმპიური კვარცხლბეკის შესახებ მეორე შვილისგან გაიგო.

ამ სიხარულმა დედას 3 წლის ბიჭი გაახსენა, რომელსაც ბაღის ასაკშივე უყიდა ციგურები. პატარა ლუკა გამუდმებით ვარჯიშობდა, შინ თუ გარეთ. ფიგურული სრიალის ილეთებს სახლშიც კი ასრულებდა დასთან ერთად - ელენე ბერულავა ნიკას პირველი მეწყვილე იყო.

ლუკა ბერულავა დევნილობაში გაიზარდა. ომამდე მისი ოჯახი სოხუმში ცხოვრობდა, ომის შემდეგ კი მოსკოვში გადავიდნენ. ლუკაც იქ დაიბადა, 2002 წელს. სამშობლოს სიყვარულსა და მათ მშობლიურ ქალაქზე, სოხუმზე, ბაბუა უყვებოდა ხოლმე. მართალია, რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული, მშობლიური ენა, ბავშვობიდან ისწავლა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ნატვრა ახლა საქართველოში დაბრუნება და ცხოვრებაა. აქ სახლიც კი არ აქვს.

ლუკა ბერულავას ბებიები აფხაზეთთან ახლოს, ზუგდიდში ცხოვრობენ, ისინი შვილიშვილის გამოსვლას განსაკუთრებული ემოციით ადევნებდნენ თვალს, ცრემლებს ვერც ახლა იკავებენ.

ლუკა ბერულავას გზა ჩემპიონობამდე მარტივი არ ყოფილა. ვარჯიში მოსკოვში დაიწყო, მერე სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, ბოლოს კი პერმში ვარჯიშობდა. 2019 წელს, ლუკა საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. ქართული დროშის ქვეშ ქვეყანას არაერთი გამარჯვება მოუტანა.

წყვილთა შორის ძალა 13 წლის ასაკში მოსინჯა. 2023 წლიდან, ლუკა ანასტასია მეტელკინასთან ერთად გამოდის, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ანასტასია 2005 წელს, ვლადიმირში დაიბადა. ის პატარა ასაკიდან დადგა ყინულზე. მთავარ წარმატებებს ლუკასთან ერთად მიაღწია - ისინი ერთად გახდნენ ევროპის სამივე სინჯის მედლის მფლობელები - ვერცხლი 2024 წელს, ბრინჯაო 2025 წელს და ოქრო 2026 წელს.

ოთხ წუთში ჩატეული ოთხი წლის შრომა ამ კადრებსა და ემოციებშიც იკითხება. წლევანდელი ზამთრის ზღაპრის მთავარი შემოქმედი მაკა გიორგობიანია, რომელმაც იმდენი შეძლო, რომ პატარა ქვეყნის სპორტსმენებს ოლიმპიურ ასპარეზობაზე ისტორიაში პირველად, მედალი მოაპოვებინა. ლუკა ბერულვა პერმში მან აღმოაჩინა.

ფიგურულ სრიალში ისტორიულ გამარჯვებაზე ქართველ მაყურებელს ორი ადამიანი უყვებოდა, მათ შორის, გოჩა ქორქია იყო.

ის პროფესიით მათემატიკოსია, ფიგურული სრიალით 30 წლის წინ დაინტერესდა, კომენტატორობაზე არც კი უფიქრია, სულ შემთხვევით გახდა. ფიგურული ციგურაობის ენით გვიხსნის, თუ როგორ ჩაიწერება ქვეყნის სპორტული ისტორიის მატიანეში ეს დიდი გამარჯვება.

ოლიმპიური წყვილის ამ დიდი გამარჯვების ამბავს საქართველოში ყოველთვის მოჰყვებიან, მოჰყვებიან დევნილობაში გაზრდილი იმ ერთი პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა, თავისი სამშობლოს სახელით ეასპარეზა; იმ ქართველ ბიჭზე, რომელმაც ურთულესი ასპარეზობის შემდეგ, ყინულზე ისტორიული გამარჯვების ისტორია დაწერა.

დღის ამბები