მმართველი გუნდისთვის მყარი არგუმენტებისა და პოზიციის არარსებობა არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იაგო კაჭკაჭიშვილმა "რუსთავი 2-ის" დებატებში მონაწილეობა არ ისურვა. შეთავაზებაზე ჯერ უარი თქვა, შემდეგ კი Facebook სტატუსი გამოაქვეყნა და ევროპულ კურსთან დაკავშირებით დებატების ჩატარებას მავნებლობა უწოდა, თუმცა ის თავად სვამდა ამ შეკითხვას და იკვლევდა საზოგადოებრივ აზრს და რესპონდენტებს ეკითხებოდა, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება.
როცა ევროპულ კურსზე დებატებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს, მაშინ რატომ ჩაატარა თავად კვლევა? - კითხვის ადრესატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით, მისგან წერილობითი პასუხი მივიღეთ. კაჭკაჭიშვილის საკუთარი პოზიციის გამართლებას იმ მოტივით ცდილობს, რომ სწორედ საზოგადოებრივი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყნის ევროპულ კურსზე კონსენსუსი მიღწეულია
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთი და იმავე თემაზე დებატებში მონაწილეობის მიღებასა და კვლევის ჩატარებას შორის დიდი სხვაობაა. ხელისუფლების ოპონენტები სოციოლოგის მსგავსად მიიჩნევენ, რომ ევროპულ კურსზე მსჯელობა ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება.
არგუმენტირებული მსჯელობა, კამათი, პოლემიკა და დებატები მმართველი გუნდისთვის დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ამ პროცესს კი "ქართული ოცნების" თქმით, იაგო კაჭკაჭიშვილი თავად გაემიჯნა, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოსმენაზე უარი თქვა.
ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი - სწორედ ამ თემაზე გაიმართა "რუსთავი 2-ის" ეთერში დებატები. პირდაპირ ეთერში საკუთარი აზრის გამოხატვა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა თავად არ ისურვა.
ავტორი: ნანა გოგატაძე