შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე, მათ შორის - ინდოეთის, შრი-ლანკის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ირანის, სუდანის, იორდანიის, ქუვეითის, ნეპალისა და ეთიოპიის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
"დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.