ზამთრის 25-ე ოლიმპიადა და ისტორიული მოლოდინი - საქართველო, მილანის ოლიმპიური თამაშებისთვის მზად არის. 6-დან 22 თებერვლის ჩათვლით ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ეპიცენტრი იტალია იქნება, სადაც საქართველოს დელეგაცია ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე არა მხოლოდ მონაწილეობისთვის, არამედ მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
მოახლებულ თამაშებზე ქვეყნის ღირსებას 8 სპორტსმენი ორ სახეობაში, სამთო სათხილამურო სპორტის სახეობასა და ფიგურულ ციგურაობაში დაიცავს.
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
გახსნის ცერემონიალს ლეგენდარული სან სიროს სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ქართული დელეგაციის მედროშეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი წარადგენენ.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ დელეგაციას აქამდე არც ერთი მედალი არ მოუპოვებია. იტალიაში გასამართ თამაშებზე ისტორიაში პირველად გვაქვს შესაძლებლობა მოცემულობა შევცვალოთ და ქართული ყულაბა ოლიმპიური მედლით შევავსოთ. ისტორიაში პირველად, ფიგურული ციგურაობის გუნდი ყველა დისციპლინაში იასპარეზებს. მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები მაღალი შედეგებია, სადაც ქვეყანამ ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
მოლოდინი დიდია, სურვილი ერთი - საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორია დაწეროს და პირველი ოქროს მედალი მოიპოვოს.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.